ზვიად სიჭინავა: „ქალაქის მერობა მე „პრადოსთვის“ არ მინდა!“

«მე მინდა რომ ჩემმა ქალაქმა ის პოტენციალი, რომელიც მას აქვს, გამოიყენოს 100%-ით. მერობის ჩინი მე არ მინდა, მე მართლა მინდა რაღაც გავუკეთო ჩემ ქალაქს. იქ სადაც მე მიმუშავია და რაც კი მქონია ჩინი, მერობა ყველაზე დაბალია»

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზუგდიდელები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდნენ ბოტანიკური ბაღისთვის გედების ჩამოსვლას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივით და მისი თაოსნობით თეთრი გედები ჩამოვიდნენ ზუგდიდში. ამჟამად მათი დროებითი საცხოვრებელი ყოფილი ბაიას ბაზაა, სადაც მათთვის მომზადებულია ხელოვნური ტბა. ზვიად სიჭინავას თქმით, ტბაში მაქსიმალურად იქნება მოწყობილი ბუნებრივი პირობები. ამასთან, დაგეგმილია კიდევ ორი, უკვე შავი გედის ჩამოყვანა, ხოლო მოგვიანებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ფარშავანგები ჩამოვლენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ბუნებრივია ამ თემით დავიწყეთ. ორი საათის განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა პასუხები მიგვეღო ასევე პოლიტიკურ თემაზე, მერობის მის შესაძლო კანდიდატობაზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზვიად სიჭინავა საინტერსო ფიგურა და მოსაუბრეა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენთან, ზვიად სიჭინავასთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გახდეს ქალაქ ზუგდიდის მერი.

ლევან კალანდია: „ბატონო ზვიად, მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. საუბარი დავიწყოთ გედების თემით. მათ ჩამოყვანისას მოსკოვის აეროპორტში პრობლემები შეგექმნათ. სოციალურ ქსელში წერდით, რომ ყველა დოკუმენტაცია წესრიგში გქონდათ, თუმცა ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებმა მათ მიღებაზე უარი განაცხადეს. შეგიძლიათ გვითხრათ რა მოხდა და როგორ დარეგულირდა სიტუაცია, ფაქტია, რომ გედები ზუგდიდში არიან“

ზვიად სიჭინავა, სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი: „მოგესალმებით და მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის. შეფერხება იყო ის, რომ თურმე საჭირო იყო ზოოპარკის მოთხოვნა, რომ ეს გედები ჩამოგვეყვანა. ეს გედები ჩემთვის და ჩემი თაობის ხალხისთვის არის ზუგდიდის სიმბოლო, იმიტომ, რომ გედები სულ იყვნენ ქალაქში. ჩემ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე იქ ბოდიში მოვუხადე ზუგდიდელებს, იმ ხალხს, მთელ ზუგდიდს კი არა, იმ ხალხს, ვისაც ეს აწუხებდა და ვინც ამას ელოდებოდა, ვისთანაც მე მქონდა ეს ნათქვამი — ცოტა ხანი მაცალეთ, რამდენიმე დღე და გედები იქნებიან აქ… გედები აქ არიან, არანაირი პრობლემა არ არის. ვისაც ახსოვს ის ზუგდიდი და ჩვენი წარსული, სიამოვნებს, რომ გედები აქ არიან. ამჟამად გედები არიან აქ [ბაიას ბაზა]. ჩვენ გვქონდა მერიის „დიდჩინოსნებთან“ საუბარი, რომლებმაც თქვეს, რომ ოც დღეში ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს, რომ ეს გედები დაამშვენებენ იმ კარგ საქმეს, რომელსაც ესენი აკეთებენ დიდ ტემპებში და ჩქარა, ასევე ამ ტემპში მოხდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაც; ჩვენი ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ასე ფიქრობს ჩვენ წარმატებებზე და რომელიც ჩქარ-ჩქარა აკეთებს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას, ყველაფერს მოვაგვარებთ“.

ლ.კ. „ბატონო ზვიად, გედების და ბოტანიკური ბაღის თემაზე როგორც საზოგადოებაში, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა მოსაზრება გაისმა. განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში იყო აქტიურობა. მომხმარებლები ამბობდნენ, რომ ზვიად სიჭინავა განგებ ეძებს ბარიერებს. მოდით წაგიკითხავთ ერთ-ერთს — „მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ხელოვნურად ქმნის ამ პრობლემებს, ჯერ იყო ბაღის დასუფთავების აქციის ჩაატარება მოინდომა თვითნებურად—მერიასთან შეუთანხმლებლად, რასაც მერიის მხრიდან, აქციის გაგრძელებაზე აკრძალვა მოყვა (რაც სხვებთან ერთად მეც გავაპროტესტე მაშინ) ახლა კიდევ გედების ჩამოყვანაზე შექმნია პრობლემა, იმის გამო რომ ზოოპარკის ნებართვა არ ქონია ჩამოყვანაზე. თქვენ რას იტყვით, ეძებთ თუ არა ხელოვნურად ბარიერებს?“

ზ.ს. „მოდით, ამოვწუროთ ეს თემა. მეც ვკითხულობ ამ კომენტარებს და მოსაზრებებს. მინდა გითხრათ, რომ სანამ ჩვენ ბოტანიკურ ბაღში შევიდოდით, გვქონდა შეხვედრა და მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელსაც უშუალოდ ევალება ეს თემა. ამ ადამიანმა გვითხრა, რომ არ არის პრობლემა. ჩვენ დავეკითხრეთ, ხომ არ იყო საჭირო რაიმე წერილის გაგზავნა ან ნებართვის აღება, რაზეც გვიპასუხა, რომ არაო, კარგ საქმეს აკეთებთო, მიდით და გაწმინდეთო. ჩვენ არ მოგვიწვევია ტელევიზია და სააგენტოები. ორი დღე ვიმუშავეთ, თუმცა მერე გავედით და გეტყვით, თუ რატომ გავედით. უკვე სხვა ხელმძღვანელობამ — არა იმან, რომელმაც პირველად მოგვცა თანხმობა ბოტანიკური ბაღის დასუფთავებაზე, ერთმა-ორმა ადამიანმა გვითხრა, რომ ჩვენ 10 000 000 (ათი მილიონი) გვაძლევენ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის და რა გამოდისო. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვინდა შევუშალოთ ხელი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოდის ეს თანხა ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად. ჩავალაგეთ ყველაფერი და გავედით. ჩვენ ეს არც გაგვიპიარებია, არ გვილაპარაკია ამაზე, არც „ნიუსები“ გაგვიკეთებია. იქ ზვიად სიჭინავა კი არ მუშაობდა, იქ მუშაობდა ის ხალხი, რომელსაც აწუხებს ბოტანიკური ბაღის ბედი, ვისაც უყვარს ზუგდიდი, ვისაც უყვარს ბოტანიკური ბაღი და იცის მისი ისტორიული მნიშვნელობა… რატომ უნდა შემეშალა ხელი, თუ მართლა მოდის ეს დაფინანსება, რომელიც წაადგება ჩვენ ქალაქს და ბოტანიკურ ბაღს. ეს იყო და ეს, იქ არ იყო დაძაბულობა, იქ არ იყო შელაპარაკება, მოვიდა ხალხი, გვითხრა საკუთარი არგუმენტი. ჩვენ უბრალოდ შევეკითხეთ, თუ როდისთვის იქნებოდა ეს, რაზეც მათ გვითხრეს, რომ ოც დღეში. თუმცა უკვე თვენახევარზე მეტია გასული, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტყვა შესრულდება და ჩვენც ველოდებით ამას“.

ლ.კ. ბატონო ზვიად, უარი ბოტანიკური ბაღის დასუფთავებაზე ხომ არ იყო ნაკარნახევი მერიისგან იმით, რომ თქვენ შეიძლება იყოთ პოლიტიკური კონკურენტი მათთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გსურთ გახდეთ ქალაქ ზუგდიდის მერი?

ზ.ს. „არა, რა პოლიტიკა. შეიძლება ჩემი ქალაქისთვის ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია, თუმცა ზუგდიდს მე არ ვუყურებ და არასდროს არ ვუყურებდი პოლიტიკური ნიშნით. იცით რა, პრობლემა სულ ეს არის, რომ ადამიანები, რომლებმაც უნდა ემსახურონ მოსახლეობას — კანალიზაცია, წყალი, შუქი, გაზი, მთლიანად ინფრასტრუქტურა — ერთ დღეში ხდებიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ქმნიან ჩემი ქალაქის და რაიონის პოლიტიკურ ამინდს. ეგრე არ არის. შენ ხარ დაქირავებული, გიხდიან ხელფასს, გაძლევენ „პრადოს“ [ავტომანქანის მარკა] და შენ უნდა მიხედო ქალაქს, რაიონს. შენ უნდა მოხვიდე, უნდა გააკეთო, რასაც ითხოვს ხალხი. იცით რა, ჩემთვის პოლიტიკოსები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ; ადამიანები, რომლებიც წყვეტენ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, ესენი არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ჭითაწყარში, ზუგდიდში, დარჩელში, კუჩხობონში წყალი რომ არ არის და გაზი რომ არ არის მიყვანილი, გზა რომ არის არის და ადამიანები ვერ მიდიან, სასწრაფო რომ ვერ ადის — ამ საქმის მოგვარებას თუ პოლიტიკოსი უნდა მაშინ გამოდის რომ მე არ მესმის ეს და სხვანაირად ვგებულობ ყველაფერს“.

ლ.კ. შეგიძლიათ გვითხრათ ბატონო ზვიად თუ ვისთან გქონდათ კომუნიკაცია და შეთანხმება?

ზ.ს. „არა. რად გინდათ. მე პიროვნულად ვერ ვილაპარაკებ. ეს იყო ხელმძღვანელი. მე არ მისაუბრია ვიღაც ჩემნაირ მოქალაქესთან, ეს იყო ოფიციალური პირი, რომელთანაც მქონდა საუბარი. ამ ადამიანთან გვქონდა ჩვენ შეთანხმება, რომ შევსულიყავით ბოტანიკურ ბაღში, გაგვეწმინდა ტერიტორია, ადამიანიც კი მოგვიყვანეს და გვითხრეს, რომ ეს ადამიანი გვეტყოდა რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა უნდა მოგვეჭრა და ა.შ. თქვენ იცით, რომ ავტოსადგურიდან მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ ბოტანიკური ბაღით, ისინი იყენებენ ბოტანიკურ ბაღს ქალაქში მოსახვედრად და ჩვენ გვინდოდა ამ გზის მოწესრიგება. ამასთან, გვსურდა ტბის გაწმენდა, სადაც უნდა ჩაგვესვა გედები. აქვე უნდა მოგვეწესრიგებინა წყლის სისტემა. ტბიდან წამოსული წყალი მოამარაგებდა მთლიანად ბულვარს, ანუ გვსურდა გაგვეკეთებინა ისე, როგორც ეს თავიდანვე გააკეთეს ჭავჭავაძემ და დადიანმა“.

ლ.კ. აუცილებლად უნდა შევეხოთ თქვენს მერობის შესაძლო კანდიდატობას. ხომ არ გადაგიფიქრებიათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა?

ზ.ს. „არანაირი ცვლილებები არ არის! მე დავუსვი კითხვა ჩემ თავს — რისთვის მინდა ქალაქ ზუგდიდის მერობა და ვფიქრობ ბევრსაც აინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. ქალაქის მერობა მე „პრადოსთვის“ არ მინდა, მერის ხელფასი მართლა არ მინდა! მე მინდა რომ ჩემმა ქალაქმა ის პოტენციალი, რომელიც მას აქვს, გამოიყენოს 100%-ით. მერობის ჩინი მე არ მინდა, მე მართლა მინდა რაღაც გავუკეთო ჩემ ქალაქს. იქ სადაც მე მიმუშავია და რაც კი მქონია ჩინი, მერობა ყველაზე დაბალია (იღიმის). აქედან გამომდინარე მინდა მე მერობა და არა იმისთვის, რომ მომცენ ხელფასი, კაბინეტი (მშვენიერი კაბინეტი მაქვს სახლში, არამგონია ისეთი კაბინეტი დამახვედრონ მერიაში), არამედ საქმისთვის, ჩემი ქალაქის და ხალხის წინსვლისთვის. ვიცი, ვათვალიერებ, ვკითხულობ ფეისბუქზე ჩემზე კომენტარებს, ჩემზე წერენ — „წადი ბოტანიკური ბაღის დირექტორად“… არ მრცხვენია, ჩემი ქალაქისთვის ბოტანიკური ბაღის დირექტორად კიარა, შეიძლება სხვა საქმითაც დავკავდე, რიგით მუშად წავიდე იმისთვის, რომ ჩემ ქალაქში იყოს სისუფთავე, არ იყოს ანტისანიტარია, რომ არ იყოს ეს მაიმუნობა. და ვინც წერს მსგავს რაღაცეებს, მათ ამ ქალაქის შესახებ არაფერი არ იციან, რადგან ვიცი თუ საიდან მოვიდნენ. შენ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, შენ თუ შენი სახლი არ გიყვარს, თუ არ გიყვარს შენი მშობლები, შენი საძმაკაცო, ჩემსას არ შეიყვარებ! შენ აქ არ უნდა მოდიოდე ფულის გულისთვის, იმისთვის, რომ ვალი გაისტუმრო, შენ უნდა გაუკეთო რაღაც ქალაქს, ხალხს. გეუბნებით, ბოლო თვეებში ძალიან შეცვლილია ჩემი ქალაქი. აქ ვნახე ძალიან ბევრი „კიკუ“, სამწუხაროდ არიან ჩემ ქალაქში „კიკუები“. არიან მუშნი ზარანდიები, რომლებიც „დიდ ნაჩალნიკს“ ელოდებიან. მაგრამ დათა თუთაშხიებს ჩემ ქალაქში დღეს ისეთი პოზიციები აქვთ აღებული, რომ არავის საქმეში არ ვერევით და ნურავინ ნუ ჩაერევით ჩემ საქმეში, მაგრამ დამიჯერეთ, რომ დათა თუთაშხიები ყველა გაიღვიძებს და ეს წელს იქნება თუ ორი წლის შემდეგ ზუგდიდი მაინც იქნება ზუგდიდი! იმ ქალაქში, სადაც ნონა გაფრინდაშვილია, ოთარ გაბელიაა და დავით ქირია, ასევე სხვა ღირსეული თანაქალაქელები, ასეთ ქალაქს აქვს მომავალი. ასე, რომ მე ვფიქრობ ვიყარო კენჭი მერობაზე, თუმცა ჯერ გადაწყვეტით არაფერი ვიცი, რადგან ველოდები სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს. მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, როცა პარტიის კანდიდატი ხარ, მაინც ასრულებ პარტიის დავალებებს. მე არ ვაყენებ არც ერთ პარტიას შეურაცხყოფას, მაგრამ შენ როცა ხარ პარტიის კანდიდატი, გეუბნებიან, თუ რა სჭირდება დღეს ქალაქს. ეს იცი რას ჰგავს — მაგალითად, თქვენ მე მეპატიჟებით დღეს, საღამოს სახლში და მეუბნებით, რომ ჩემი მეუღლე გააკეთებს კარგ ხარჩოს და ელარჯს და მე გეუბნებით, რა ხარჩო და ელარჯი, მე რომ მოვალ იქ იყოს საცივი და ღომი. ანუ, მე რატომ უნდა ვწყვეტდე შენი სახლის ამბებს, როცა ეს შენი გადასაწყვეტია. შენ ხარ მთავარი პირი, შენ გირჩევს ხალხი და იმისთვის არის შენს გვერდით, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო ისე, როგორც მე მინდა, ანუ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მოგეცი ხმა და კი არ გამექცე. მოკლედ, რისი თქმა მინდა, პოლიტიკური პარტიის კანდიდატი მუდამ დაიცავს პარტიის ინტერესებს, მის იდეოლოგიას… იცით რა არის სირცხვილი, დღეს ჩვენ ბავშვებივით გვიხარია, რომ წყალს, კანალიზაციას, შუქს გვიკეთებენ და ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ. არა, ეს შენი ვალდებულებაა, შენ იმიტომ აგირჩიე, რომ ეს გაგეკეთებინა არა საარჩევნოდ, არამედ პირველი დღიდან“.

ლ.კ. თავიდანვე, როგორც კი გამოთქვით სურვილი მერობაზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ კახა კალაძის ფავორიტი კანდიდატი ხართ და შესაძლოა მერობაზე სწორედ ქართული ოცნების რიგებიდან იბრძოლოთ?

ზ.ს. „არცერთ პარტიასთან კონსულტაციები არ ყოფილა. არსებობს ბევრი პარტია, მაგრამ არის მთავარი პარტია — ეს არის ზუგდიდელი. რატომღაც ამას არავინ არ ითვალისწინებს. ეს არის ყველაზე ძლიერი პარტია! ზუგდიდელი რომ ხარ ეს არის პარტია. კიდევ ერთხელ გეუბნებით — ამ პარტიის წევრი იქნებით თუ იმ პარტიის, უნდა გაჰყვეთ მათ მიმართულებას, მაგრამ აქ საჭიროა იყო ზუგდიდელი! კონსულტაციები არ მქონია, მათ შორის არც კახა კალაძესთანაც. მას პირადად ვიცნობ, ბევრი წელი ვითანამშრომლეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი მუშაობისას, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ არ გვქონია გადაკვეთები. იცით რა, მგონია რომ მისაღები კანდიდატიც არ ვიქნები არავისთვის“.

ლ.კ. რას გულისხმობთ?

ზ.ს. „უნდა დავემორჩილო! მე მზად ვარ, თუ რომელიმე პარტია შემომთავაზებს, დავდგე კანდიდატად, ოღონდ მითხრან — გააკეთე ყველაფერი რაც სჭირდება ზუგდიდელებს, რაც სჭირდება რაიონს. აქ დავდგები, კი, ოღონდ მითხრან, რომ ვიქნები თავისუფალი. თქვენ მკითხეთ, რომ ქართველი ამომრჩეველია პოლარიზებულია და დამოუკიდებელ კანდიდატს უჭირს ან ვერ აღწევს გამარჯვებას, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, გკითხავთ — ვინ აყალბებს არჩევნებს ზუგდიდში, ვინ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ურნებში, თბილისიდან ჩამოდის „ბიძია“ და ის აკეთებს ამას?! არა, ჩვენ ვაკეთებთ, ისევ ჩვენ! ხომ არ მოდის ადამიანი, რომელიც ამბობს რომ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვიცით როგორ გაგიყალბოთ არჩევნები. ჩვენი რაიონი იცის კარგად აქაურმა ადამიანმა. ამომრჩეველი საიდან წამოიყვანო, რომელი ხიდიდან გადმოიყვანო და რა ავტობუსით წამოიყვანო, ეს ვიცით აქ ჩვენ. იმან შეიძლება ასწავლოს ეს… არა, არ ასწავლის — ეტყვის, რომ ამას თუ არ გააკეთებს… მაგრამ არამგონია რომ ეს გააკეთონ, არასდროს არ ყოფილა ეს, არც ნაციონალების დროს, არც შევარდნაძის დროს, არც კომუნისტების დროს. ბოლოს არ მახსოვს როდის თქვეს, მგონი არ იყო 2012 წელს, წერდნენ, რომ მსოფლიოში ასეთი სუფთა არჩევნები არ ჩატარებულაო. მე მჯერა სიტყვების, მამაკაცი რომ ამბობს სიტყვას, მე ამის მჯერა. თუ ის მამაკაცია და არ არის „კიკუ“. იცით რა, ამ ბოლო დროს შემეცვალა აზრები, ხვდები ადამიანს, ელაპარაკები… ისეთ ქალაქში გავიზარდეთ, სადაც კაცი, რომ გეუბნება, რომ ეს ასე იქნება და ეს ასე, თუმცა მერე ხვდები, რომ „კიკუა.“ ამ ქალაქში ისე გავიზარდეთ, რომ „კიკუს“ ვერ მოსთხოვ პასუხს. ასე, რომ დამაყენოს ოცნებამ, ოღონდ, ხომ გეუბნებით, მომცენ საშუალება მოვუსმინო ადამიანს ვის რა პრობლემა აქვს. არ იციან — რაც სინწაშია საჭირო, ის არ არის საჭირო კახათში, რაც კახათშია საჭირო, ის არ არის საჭირო, ვთქვათ, რუხში… ამიტომ ვამბობ, უნდა შეისწავლო, უნდა გყავდეს გუნდი, რომელიც 24 საათი იმუშავებს. რა მინდა ვუთხრა ჩემ ზუგდიდელებს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეფასება იმ ადამიანის, რომელიც მართლა გაგიკეთებს საქმეს!“

ლ.კ. ბატონო ზვიად, როგორ შეიაფასებს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას?

ზ.ს. „კი ბატონო. არასდროს არ მითქვამს და არც ვიტყვი, რომ რომელიმე ჯგუფი ცუდად მუშაობს. საერთოდ, ჯგუფი მუშაობს ისე, როგორც შეუძლია მუშაობა. ის, რომ ჩნდება ხალხი, რომელიც უკეთ ასრულებს საქმეს, ეს სულ მუდამ იყო. მე ვერ შევაფასებ ვიღაცის მუშაობას, რადგან არ ვიცი შიდა სამზარეულო. ეს არის მთავარი, უნდა იცოდე რა შესაძლებლობის მქონეა ჯგუფი — რა გააკეთე, რა ვერ გააკეთე და რა ვერ გაგაკეთებინეს, ეს არის ყველაზე მთავარი. ის ხალხი აკეთებს იმდენს, რამდენის გაკეთება შეუძლიათ ან რამდენის შესაძლებლობას აძლევენ. რა არ მომწონს ქალაქში, აქ ჩემი შეფასება მაქვს. ყველაზე მთავარი სატრანსპორტო პრობლემაა და ეს სასწრაფოდ გადასაჭრელია… განათლება. აქ არ ვგულისხმობ პროცესს, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურას. ვხედავ პრობლემას, ჩემი და კიდევ სხვა სკოლები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვთვლი, რომ ერთი სკოლა თავიდან ბოლომდე უნდა გაკეთდეს, ვიდრე გამოვცვალოთ მხოლოდ ფანჯარა. პრაქტიკაში გვქონდა ბოლო წლებში, რომ შეცვალეს ფანჯრები და გამოვიდა როგორც წარმატებული ნაბიჯი. ყველაზე დიდი პრობლემა არის თეატრი. სამწუხაროდ დღეს, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ყველა უყურებს სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“ და მის მეგრულ ვარიანტს. ამ მეგრულ ვარიანტში მთავარი მსახიობები არიან ზუგდიდის თეატრის არტისტები. ზუგდიდში თეატრი არ არსებობს, სარეპეტიციოები არ არსებობს, მარტო არსებობს ქაღალდი, სადაც ვიღაცას უხდიან პენსიას. ესეც [თეატრი] გასაკეთებელია სასწრაფოდ! სასწრაფოდ გასაკეთებელია საბავშვო-გასართობი ცენტრები, რაც არ არსებობს დღეს. და ყველაზე მთავარი — სპორტი! კეთდება სტადიონი, ძალიან კარგია ეს. მარტო კომბინატში ხომ არ არის, ზედაეწერში სტადიონია, რუხში, კახათში, განმუხურში, ჭითაწყარში სტადიონია, ყველგან სტადიონია. ამას უნდა მოვლა. ხომ არსებობს შესაბამისი სამსახური, მაინც იხდი თანხას, დაავალე კაცს, წადი, მიხედე დღეს ამ მოედანს, ხვალ მიხედე სხვას. როგორ შეიძლება დღეს გყავდეს მსოფლიო ჩემპიონი კიკ ბოქსინგში და მას არ ჰქონდეს საკუთარი დარბაზი. არ ვამბობს, რომ აჩუქო დარბაზი, გაუკეთე, რომ ივარჯიშოს, მოემზადოს, მსოფლიო ჩემპიონია ეს კაცი… ჭადრაკს ბევრი რაღაცა უნდა?! ქალაქი, რომელიც ნონა გაფრინდაშვილით არის ცნობილი, არ შეიძლება თვეში ერთხელ მაინც ჩამოვიყვანოთ და ბავშვებს ჩაუტაროს მასტერკლასი. ან არ ჩამოვიყვანოთ, მაგრამ მისი სახელობის ტურნირი რომ ჩავატაროთ?! კიდევ რა არ მომწონს?.. ამ ქალაქს, ამ რეგიონს აქვს ტურიზმის დიდი პოტენციალი და ამ დროს ჩვენ ვართ სატრანზიტო ქალაქი. ყველა ის დამსვენებელი, რომელიც მიემგზავრება მესტიაში, აქ ისინი აჩერებენ რესტორნებთან და მერე ისევ აგრძელებენ გზას მესტიისკენ. დადიანების სასახლე, ბოტანიკური ბაღი გვაქვს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა… თუნდაც, აგერ წალენჯიხაში, გუძა შელიას სახლი, მთელი საქართველო რომ ლაპარაკობს დათა თუთაშხიაზე… დათა თუთაშხია კი არ არის, გუძაა შელია, არსებობს მისი სახლი და ის უნდა ანახო ხალხს. მარტვილი… რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენ სამეგრელოს. იგივე ანაკლია და განმუხური, ჯემ ფესტებს რომ ვატარებთ… იცით რა არ მომწონს კიდევ — ჯემ ფესტის წინ ჩატარდა ანაკლიობა და ორი დღით ადრე დაასუფთავეს ანაკლიის პლაჟი. იცით რა მაინტერესებს, არ შეიძლება ეს [დასუფთავების აქცია] თვეში ორჯერ რომ გააკეთო?! იგივე დარჩელში, კახათში, ნაცატუში, ყველგან, სადაც არის შენი რაიონი… ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი ქალაქი ცუდია, ან შენი რაიონია ცუდი, ან ჩვენი ხელმძღვანელობაა ცუდი, მაგრამ არსებობს ის ხალხი, რომელიც უფუჭებს სახელს. პირველ რიგში, არსებობს მეგრული სიტყვა — „მა მუ“ [მე რა]. აი ეგ არის ცუდი. უნდა იცოდე, რომ მოდიხარ უნდა იყო ხალხის ერთგული! სულ რომ იძახი — მე, მე, მე, ის „მა მუ“ ეს უნდა მორჩეს! ძალიან ნიჭიერი ხალხიც არის ამ ქალაქში და ამ რეგიონში, ყველაფერში ნიჭიერები ვართ — გინდა კარგში და გინდა ცუდშიც!“

ლევან  კალანდია

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემური ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამას მოჰყვება გარკვეული ალიანსების გაფართოება
შემდეგი სტატიაამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდა