საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. უსუფაშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას პარლამენტის შენობაში უმასპინძლა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ მედიასთან კომენტარი სპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.
„თქვენ იცით, რომ აზერბაიჯანი ჩვენი უცვლელი, მუდმივი მეგობარია. ბატონმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს საიმედო სტრატეგიულ პარტნიორად და აზერბაიჯანს არანაირი პრეტენზია ან რაიმე კითხვის ნიშნები ჩვენს მომავალ პარტნიორობასთან დაკავშირებით ენერგეტიკუოლ სფეროში არ გააჩნია. ვისაუბრეთ და ძლიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ძალიან გულახდილი საუბარი გვქონდა აზერბაიჯანის მომავალ ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც მეობრებმა, ვისაუბრეთ იმის თაობაზე თუ რის გაკეთებას შევძლებდით ერთად, რომ დღეს არსებული ურთიერთობა აზერბაიჯანსა და ევროსტრუქუტრებს შორის, განსაკუთრებით „ევრონესტის“ ფარგლებში, აზერბაიჯანის მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით, ძალიან ღრმად არ შევიდეს ჩიხში. ასე, რომ თუ ამ მიმართულებით ვიქნებით ენერგიულები, ალბათ სიტუაციის გამოსწორებას შევძლებთ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი „გაზპრომთან“ დაკავშირებით, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი ნახსენები არ ყოფილა.
„სიტყვა „გაზპრომი“ საერთოდ არ ხსენებულა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, აზერბაიჯანს არანაირი შეკითხვა და არანაირი პრეტენზია საქართველოს მიმართ არ გააჩნია და რომ ჩვენი მომავალი სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება, როგორც დღემდე გრძელდებოდა“, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.