ზვიად კირტავა : ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება

საქართველოს მიდგომა პანდემიის მართვის მიმართ არასდროს ყოფილა განსხვავებული მსოფლიოში ძირითადად მიღებული მოდელისაგან – „პირველ რიგში – მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ – ეკონომიკა“,- კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზებსა და შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებზე სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.
მისი თქმით, გაზაფხულზე მთავრობის მიერ დაწესებული ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლის და შეზღუდვების შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა.
როგორც კირტავა აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე მოქმედებს შეხვედრების და ღონისძიებების გაცილებით მოკრძალებული სტანდარტი – 10-25 ადამიანი.
„ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ესპანური გრიპის (Spanish flu, „ისპანკა“) პანდემიამ უჩვენა, რომ ამერიკის ის ქალაქები, სადაც კარანტინი, დისტანცირება და ნიღბების გამოყენების წესი ადრე და მკაცრად დაიცვეს (მაგ. ქ. სენტ ლუისი), გარდა სიკვდილობის დაბალი დონისა, იმითაც გახდნენ გამორჩეულნი, რომ იქ პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა გაცილებით მალე მოხდა, ვიდრე იქ, სადაც ეს ზომები დააგვიანეს (მაგ. ფილადელფია).
კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას თავიდანვე რამდენიმე ქვეყანამ – დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, აშშ-მ, შვედეთმა გადაწყვიტეს მოსახლეობის დიდი ნაწილის დატოვება „არც თუ ისე ფატალური“ ინფექციის პირისპირ ე.წ. „ჯოგური“ (პოპულაციური) იმუნიტეტის თანდათან განვითარების მოლოდინში. მაგრამ მკაცრი და ტრაგიკული რეალობის ფონზე მარტის ბოლოდან საკარანტინო ზომები (ლოქდაუნი) და სკოლებში სწავლების შეზღუდვა ყველა ამ ქვეყანაში განხორციელდა (გერმანიაში – 6 რეგიონში, თუმცა სკოლები და საბავშვო ბაღები ყველგან დაიხურა და მკაცრად შეიზღუდა შეხვედრები) – გარდა შვედეთისა, რომელმაც შემდეგ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ევროპაში როგორც ინფიცირების, ასევე, განსაკუთრებით, სიკვდილობის ლამის ყველაზე მაღალი (მეორე) მაჩვენებლის გამო.
ივლისში შვედეთში და ესპანეთში ჩატარებულმა ფართო პოპულაციურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ჯოგური“იმუნიტეტის მოლოდინი არ გამართლდა – ანტისხეულების და ლიმფოციტების მაჩვენებლები იმუნურ პასუხს აჩვენებდნენ მოსახლეობის მხოლოდ 4%-14%-ში, რაც ნაცვლად სასურველი 70%-ისა. მეტიც, ეს იმუნური ცვლილებები ჯერ კიდევ არ ნიშნავს მყარ იმუნიტეტს, გამოირკვა, რომ კორონავირუსის მანეიტრალიზებელი ანტისხეულები რამდენიმე კვირაში ან თვეში შეიძლება გაქრეს. ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი და თანმდევი შეზღუდვები დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება – შეიძლება, ცოტა უფრო მეტი გადაზღვევით – „თავს სინანული ვარჩიეთ ბოლოჟამს დანანებასა“.
შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა. რაც შეეხება ტესტირების მაჩვენებელს, უკვე მაისიდან საქართველოში 100,000 მოსახლეზე იმდენივე ტესტი კეთდებოდა, რაც სამხრეთ კორეაში, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ კორეა, ტესტ-სისტემების მხრივ, პიონერი და ლიდერი ქვეყანაა. თუ საქართველო შვედეთის მსგავს მიდგომას აირჩევდა, არ დაკეტავდა საზღვრებს და არ შეზღუდავდა ეკონომიკურ აქტივობას, ამას, სავარაუდოდ, მოჰყვებოდა გაზაფხულზე ათასობით ინფიცირებული და მრავალი ასეული გარდაცვლილი.
დიდი შანსია, რომ ქვეყანას, რომელსაც მასშტაბური ტესტირების, კოვიდ-ცენტრების და ცხელების ცენტრების, ცხელი ხაზის და პირველადი ჯანდაცის სისტემის გამართვისთვის და კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებისათვის ერთ თვემდე დასჭირდა, ვერ გაეძლო ინფიცირებულთა მზარდი ნაკადისთვის და იმის მსგავსი ან უარესი კოლაფსი მიგვეღო, როგორ იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ და დიდი ბრიტანეთის გაცილებით უფრო გამართულმა, თითქოს ბრწყინვალედ მომზადებულმა და კარგად დაფინანასირებულმა სისტემებმა მიიღეს, როცა უცნობ საფრთხეს დაუპირისპირდნენ.
ასეთ შემთხვევაში, როგორ გვგონია, ტურიზმი და ეკონომიკა კარგად იმუშავებდა? ძალიან დატვირთული იქნებოდა ჩვენი სასტუმროები? ან რას მოიტანდა რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან მასობრივი ტურიზმი, როცა ეს ქვეყნები მსოფლიოში ლიდერობდნენ ინფიცირებულთა რიცხვით? ბევრი მშობელი გარისკავდა შვილების სასწავლებლებში გაშვებას? და ოპოზიციური პარტიები გამართლებულად ჩათვლიდნენ ხელისუფლების მიერ ეკონომიკაზე უპირატეს ზრუნვას? მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რომ არ ჩათვლიდა, მგონი, ეჭვი არ გვეპარება.
და ასი – და ათასკაციანი ქორწილების ნატრული პატარძლების და რესტორატორების გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ მსგავს ტაქტიკას (პანდემიის დროს კი არა, ისედაც) არცერთი „შვედური მოდელი“ არ ამართლებს… ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე მოქმედებს შეხვედრების და ღონისძიებების გაცილებით მოკრძალებული სტანდარტი – 10-25 ადამიანი. ხოლო ისრაელი სრული განმეორებითი ლოქდაუნის მიჯნაზეა”,- განაცხადა ზვიად კირტავამ.
„ჯეოქეისის“ მკვლევარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელისუფლების განცხადებას, რომ ამჟამად, მსგავსად ევროკავშირის ქვეყნებისა, არ იგეგმება არავითარი ჩაკეტვა და ლოქდაუნი და რომ პირიქით, კლასტერების ეპიდკვლევების წარმატების კვალობაზე დაგეგმილია სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში ჩვეულებრივი რეჟიმის აღდგენა.
„სრული ტემპით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, და ტურიზმის შეზღუდვაც არ მოიაზრება, მთავარია, ტურისტულმა, ვაჭრობის, ტრანსპორტის და კვების ობიექტებმა თავად დაიცვან ელემენტარული სიფრთხილის რეკომენდებული ზომები. იმედია, ახლანდელი პიკი ზრდას აღარ გააგრძელებს, და მართული ინფიცირების და დაცული რეკომენდაციების ფონზე რეგულაციები ისევ შერბილდება – გონივრულ დონემდე”,- განაცხადა ზვიად კირტავამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა
შემდეგი სტატიაცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრაზე იმსჯელა