,,ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ილუზიები არ გვაქვს”

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ილუზიები არ გვაქვს,- ამის შესახებ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურასთან გამსახურდიების შიმშილობა გრძელდება, რადგან ისინი არამარტო საქმის ხანდაზუმლობის გახანგრძლივებას, არამედ მის ეფექტურად გამოძიებას მოითხოვენ.

„ეს ინიციატივა სწორედ პროკურატურის მხიდან უნდა წამოსულიყო, როდესაც ხედავდა რომ გამოძიების ვადები ეწურებოდა და რეალურად შედეგი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის პოზიცია იყო ასეთი – როდესაც გავა ხანდაზმულობის ვადა, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ მოცემულობაში ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს არანაირი ნდობა პროკურატურის მიმართ არ აქვთ. ის, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამოძიება გრძელდება ერთი საკითხია, მაგრამ ამ პროტესტის მიზანი იყო ერთი მხრივ, რომ გამოძიება არ შეწყვეტილიყო და მეორე ის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური. გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი ილუზიები არ გვაქვს“,- განაცხადა გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

პირველი პრეზიდენტის შვილის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა, რადგან მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ
შემდეგი სტატია“პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ბოლომდე”