ზვიად გამსახურდიას ოჯახი, საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორის დანიშვნას ითხოვს და შიმშილობას აგრძელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აპირებს 5 წლით გაახანგრძლივოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, გამსახურდიები აცხადებენ, რომ ამით რეალურად  არაფერი შეიცვლება. პირველი პრეზიდენტის შვილები ამბობენ, რომ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა და შესაბამისად მომდევნო 5 წელში საქმე წინ არ წაიწევს.  გამსახურდიების ოჯახი მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ.

„ის იყო წინ  გადადგმული ნაბიჯი და კარგია რომ გამოძიება  არ შეწყდება. მაგრამ ისმის კითხვა, როგორი იქნება ის გამოძიებამ, რომელიც გაგრძელდება კიდევ 5 წელიწადს. თუ ის ისე გაგრძელდება როგორიც აქამდე იყო არავითარი აზრი ამას არ ექნება. ამის გამო მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის სპეციალური პროკურორის დანიშვნა, რომელსაც ენდობა როგორც ოჯახი ისე ფართო საზოგადოება,“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

პირველი პრეზიდენტის შვილები ამბობენ, რომ პროკურატურამ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს და დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა.

„თუ 25 წელიწადი არაფერი გაუკეთებიათ 5 წელიწადში  გააკეთებენ რამეს? ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას გამოსავალს, დაინიშნოს პროკურორად საზოგადოებისა და ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც ექნება შესაბამისი გამოცდილება და შესაბამისი კვალიფიკაცია. არსებობს რამდენიმე კანდიდატურა და ეს იქნება გამოსავალი და წარმატების საწინდარი, რომ ეს საქმე გაიხსნება და მივალთ ლოგიკურ ფინალამდე,“-განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

გამსახურდიების ოჯახის წევრები უკვე მე-10 დღეა მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობენ.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობის 29-ე დღე საპატიმროში – პროკურატურა აცხადებს, რომ ირაკლი ჩეიძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაუახლოესი 3 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი