ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას ხელისუფლებაში მოკალათებული წითელი ინტელიგენცია ბლოკავს

რატომ არ იძიებს ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მკვლელობას, ვინ მფარველობს “:ოცნებიდან” მკვლელებს, რატომ დუმს საზოგადოება? -ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.
კახა მიქაია:
_ ყველა ბოროტება და ქვეყნის წარუმატებლობა სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან იღებს სათავეს. ისტორიამ უკვე მიაკუთვნა ღირსეული ადგილი ზვიად გამსახურდიას!
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ, სწორედ მას ხვდა წილად, უკომპრომისო ბრძოლით, იდეისადმი ერთგულებით და თავგანწირვით გამხდარიყო ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლო, მოსწონს ეს მავანს თუ არა!
მისი მკვლელობის გამოძიება, თითოეული ჩვენთაგანის და მთლიანად ქართული სახელმწიფოს ღირსების საქმეა.
_ ამ საქმის გამოძიება მართლაც სახელმწიფოს ღირსების საქმეა და რატომ არ იძიებს სახელმწიფო ამ საქმეს?
_ საქმის გამოძიება იმიტომ არ ხდება, რომ ის ხალხი, ვინც ეს მკვლელობა დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა, ყველა ხელისუფლებაში იყო. ჯერ შევარდნაძესთან იყვნენ, მერე სააკაშვილთან. ახლა კი `ოცნებაში~ არიან.
იმიტომ არ აწყობთ ამ საქმის გამოძიება, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებით ყველაფერს აეხდება ფარდა.
ეს არის მართლა საუკუნის მკვლელობა და `ქართული ოცნება~ ვალდებული იყო, ეს საქმე გამოეძიებინა. გაგახსენებთ, რომ `ოცნება~ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის და გახმაურებული მკვლელობების გამოძიების დაპირებით მოვიდა. ამაზე გახმაურებული მკვლელობა ბოლო 100 წლის მანძილზე არ მომხდარა. `ოცნებას~ სამართლიანობის აღდგენა ამ საქმის გამოძიებით უნდა დაეწყო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოში ყველა უბედურება ამ მკვლელობის შემდეგ დაიწყო.
პირადად მე არ მიკვირს, რომ ამ საქმის გამოძიებას არც ერთი ხელისუფლება არ ცდილობს.
_ შევარდნაძის ხელისუფლებას რომ გამოეძიებინა ეს საქმე, ეგ იქნებოდა გასაკვირი. მიშას დროს დაიწყო, მაგრამ მერე გააჩერეს.
_ ამ ხელისუფლებამაც გააკეთა რაღაც. თვითმკვლელობა გადააკვალიფიცირა მკვლელობით, მაგრამ ამის შემდეგ გაჩერდნენ.
31 დეკემბერს ამ მკვლელობიდან 25 წელი გადის. ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ ითქვა. ცალკე ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ ფილმიც კი გადავიღეთ. პარლამენტში შექმნილი იყო საგამოძიებო კომისია. ყველაფერი თითქოს მზადაა.
ამ მკვლელობის გამოძიება არ აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას, სადაც მოკალათებული არიან შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები და მათი ახლობლები. `ოცნების~ რიგებშია მთელი ელიტარული კასტა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დაგეგმვასა და მის განხორციელებაში მონაწილეობდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ.
_ ხელისუფლებას `საპატიო~ მიზეზი აქვს, მაგრამ რატომ დუმს საზოგადოება. ზვიად გამსახურდია შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ის იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი და წესით, ყველას უნდა აინტერესებდეს, ვინ მოკლა პრეზიდენტი.
_ საზოგადოება კი არ დუმს, არამედ თავს იკავებს. საზოგადოების ბევრი ცნობილი სახე თავის გამოსვლებში სულ სამართლიანობის აღდგენას და გახმაურებული მკვლელობების გამოძიებას ითხოვს. ეს ხალხი რატომ არ ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა არის საუკუნის მკვლელობა.
პირდაპირ გეუბნებით, ის ხალხი, ვინც ახლა ხმამაღლა ყვირის სამართლიანობის აღდგენაზე, 25 წლის წინ ღიად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას დამხობას. ბევრი მათგანი მონაწილეობდა კიდევაც ამ დამხობაში.
ახლა რომ მშვიდობის ჩიტები და გვრიტები არიან, 25 წლის წინ ისინი პუტჩისტები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი პუტჩისტზე უარესი იყო.
_ პუტჩისტზე უარესში რას გულისხმობთ?
_ ინტელიგენციის ნაწილს, რომელსაც დღეს თავი მშვიდობის გვრიტად უჭირავს, მაშინ ავტომატი ეკავა ხელში. იარაღის აღებისთვის მათ ედუარდ შევარდნაძემ საჯაროდ გადაუხადა მადლობა. იყვნენ ისეთები, ვისაც იარაღი არ აუღია, მაგრამ უარესი გააკეთეს. მხედველობაში მყავს პუტჩის იდეოლოგები.
პირადად ჩემთვის პუტჩის იდეოლოგი უფრო დიდი დამნაშავეა, ვიდრე ვიღაც მხედრიონელი ანდა გვარდიელი, რომელსაც იარაღი ეკავა ხელში, ბევრ მათგანს ეს იარაღი ძალით ააღებინეს.
სიმართლე თუ გინდათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელები სწორედ ეს პუტჩის იდეოლოგები არიან.
ის წითელი ინტელიგენცია დღესაც ცვეტშია. ისინი ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ რაღაც-რაღაცებს. ზოგი ნაწყენია, ზოგი კმაყოფილი. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ თუ გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნა საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობს.
პირადად მე 25 წელია ამ საქმის გამოძიებას ვითხოვ, მაგრამ ჩემი და ჩემნაირების მოთხოვნა ვერ ქმნის ამინდს.
_ გამსახურდიას მხარდაჭერის გამო თქვენ საქართველოდანაც ხომ იყავით გაქცეული?
_ კი. 9 წელი ვიყავი საქართველოდან წასული.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ გამსახურდიას მკვლელობით ყველაფერს აეხდება ფარდაო. ამ თემაზე ისედაც უამრავი რამე დაიწერა და რა არის კიდევ ისეთი, რაც გამოაშკარავდება და რისი გამოაშკარავებაც ასე ძალიან არ უნდა მავანს.
_ ამ საქმეზე ძალიან ბევრი სკანდალური ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. პროკურატურამ ყველაფერი იცის. ამიტომაც არის მათთვის საშიში ზვიადის მკვლელობის გამოძიება.
დღეს ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ გამსახურდია მოკლეს და ეს თვითმკვლელობის იმიტაციით შეფუთეს. შევარდნაძე გამოცდილი იყო და იცოდა, რომ არ შეიძლებოდა საქმე მკვლელობის მუხლით აღეძრათ. ეს მის ლეგიტიმაციას შეეხებოდა. ამიტომაც გადაწყვიტეს პირველი პრეზიდენტი თვითმკვლელობის იმიტაციით მოეკლათ. ამ სპეცოპერაციის დაგეგმვაში, ქართველ მოღალატეებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა კრემლი და კაგებე.
_ ამ საქმის მიჩქმალვით კრემლსაც ხომ არ აფარებს მავანი ხელს?
_ რა თქმა უნდა, კრემლს აფარებენ ხელს. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის აგენტებით არის სავსე. აგენტები მრავლად იყვნენ სააკაშვილის და შევარდნაძის ხელისუფლებაშიც.
_ აგენტები ცხონებული ზვიადის ხელისუფლებაშიც მრავლად იყვნენ და მაგიტომაც დასრულდა მისი სიცოცხლე ასე ტრაგიკულად.
_ ზვიადსაც ბევრი მოღალატე ეხვია გარს. ზვიადის მკვლელობა სწორედ მათ კისერზეა. დღევანდელ ხელისუფლებაშიც მრავლად არიან რუსეთის აგენტები და ისინი იმ საქმეს არ გამოიძიებენ, რომელიც კრემლმა და ლუბიანკამ ანუ კაგებემ დაგეგმეს.
_ გამსახურდიას მკვლელობის საქმე თუ 31 დეკემბრამდე არ იქნა გამოძიებული, მას ხანდაზმულობის ვადა გაუვა და მას აღარავინ დაუბრუნდება. დარჩენილ ორ კვირაში საქმეს არავინ გამოიძიებს და ეს რას ნიშნავს, დარჩა საქმე გამოუძიებელი?
_ დარჩენილ ორ კვირაში ეს საქმე არ გაიხსნება, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლეს მაინც აეხდება ფარდა. ამას უბრალოდ დრო სჭირდება.
საქართველომ უნდა იცოდეს, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია არის საქართველოს მეორე რესპუბლიკის ფუძემდებელი. ის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ავტორია. ზვიად გამსახურდია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოა. მარტო ამიტომ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინ არის პირველი პრეზიდენტის მკვლელი და რა მოხდა ხიბულაში.
ახლა ამ საქმის გამოძიება იბლოკება, მაგრამ დადგება დრო და ყველა გაიგებს, ვინ მოკლა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაში,,საია-სა და “სამართლიანი არჩევნების” მიმართ იყო მოთხოვნა,დავით კირკიტაძის დაკავების საქმეს მონიტორინგი გაუწიონ”
შემდეგი სტატიაჟოზე მაურინიო “მანჩესტერ იუნაითედიდან” გაუშვეს