ზვიად გამსახურდიას დღევანდელი ხელისუფლებაც გარკვეული ეჭვიანობით აღიქვამს და მისი მკვლელობის საქმის გამოძიებაც ასე მიმდინარეობს

გავა დრო და ზვიად გამსახურდია იგივე ადგილს დაიკავებს, როგორც თურქეთში ქემალ ათათურქი და საფრანგეთში შარლ დე გოლი, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იგივე რეაბილიტაცია საერთაშორისო ასპარეზზეც დაიწყება. ეს პროცესი ჯერჯერობით არ არის დაწყებული. ის ისეთი ტიპის ლიდერი იყო, რომელიც მსოფლიო წესრიგმა გაწირა. ვფიქრობ, ის ბევრ რაღაცას იმიტომ რისკავდა, რომ არ ეგონა, თუ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობას გაბედავდნენ. მაგრამ არა მხოლოდ პრეზიდენტს, არჩეულ პარლამენტს, ქვეყნის მთავარ გამზირზე რაკეტები დაუშინეს. მერე კი, დემოკრატიული მსოფლიოს ყველა ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ ეს დემოკრატიული რევოლუციაა და ამას მივესალმებითო. მერე, მშვიდობიან მიტინგებზე ძაღლებივით ამოხოცეს კანონიერი ხელისუფლების ასობით მომხრე და ეს ვერავინ დაინახა. ჯეიმზ ბეიკერი ჩამოვიდა, ჯაბას ხელი ჩამოართვა და უთხრა, მაგარი ბიჭი ხარ, მიაწექი, დემოკრატიის მშენებლობა მიდისო“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამ განცხადებით კახა კუკავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ადგილი უჭირავს დღეს ზვიად გამსახურდიას საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში.

მისი თქმით, ის, რაც საქართველოში მოხდა, უნიკალური მოვლენა იყო, რადგან ასეთი რამ სხვაგან არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამ მოვლენებს საერთაშორისო დონეზე შეფასება აუცილებლად მიეცემა.

კახა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას დღევანდელი ხელისუფლებაც გარკვეული ეჭვიანობით აღიქვამს და მისი მკვლელობის საქმის გამოძიებაც ასე მიმდინარეობს.

„ეს საქმე თაროზე დევს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამ საქმის გამოძიება ტექნიკურად შეუძლებელია, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი. დავიწყოთ იქიდან, რომ გამოძიების საგანი და მიზანი მხოლოდ მკვლელის ვინაობის დადგენა არ არის. ტარდებოდა ოპერაცია პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნის, უკანონო თვალთვალის, მასზე ალყის შემორტყმისა და არც ერთი სახელი და გვარი არ არის დადგენილი? შესაძლოა, ვერ იქნას დადგენილი სნაიპერის ვინაობა, ვინც ტყვია გაისროლა, მაგრამ ვხედავთ, რომ რამდენიმე ათეული თუ ასეულიდან არც ერთი ადამიანის ვინაობა არ არის დადგენილი და პასუხისგებაში არავინაა მიცემული“, – განაცხადა კახა კუკავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს პროკურატურამ იმისთვის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არც ერთი შეკითხვა აღარ დარჩეს, კახა კუკავამ განაცხადა, რომ ამისთვის კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ დაპატიმრებული.

„ვფიქრობ, ძველ მთავრობას ჰქონდა შიში და ეს შიში გარკვეულწილად, დღევანდელ მთავრობასაც აქვს, რომ ახალი დაპატიმრებები, თუ ახალი გვარების დასახელება ეს იქნება პანდორას ყუთის გახსნა, რომლისთვისაც ფსიქოლოგიურად ბევრი არ არის მზად. მე პირადად, მიმაჩნია, რომ ეს საქმე ამ რისკს შეიცავს. ზვიად გამსახურდიას მომხრე მეტი ჰყავდა, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა და დღეს, რაოდენობრივად მომხრეები კი უფრო მეტი არიან, მაგრამ მოწინააღმდეგეებს უფრო გავლენიანი პოზიციები უკავიათ საზოგადოებაში. ამიტომ, ამ საქმის გამოძიება ადვილი არ იქნება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

როგორც კუკავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიება რთულია, ინტერესი უფრო მეტია და ვიდრე ამ საქმეს ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, ქართული სახელმწიფო ისეთი იქნება, როგორიც დღეს არის, სადაც სამართლიანობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი უნდობლობა არსებობს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: მაინცადამაინც იუბილეა საჭირო, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სახელი უკვდავყო და პატივი მიაგო?
შემდეგი სტატიარასაც ზვიად გამსახურდიამ მაშინ აფხაზეთში მიაღწია, ისეთი რამ იყო, მესი რომ სასწაულ ფანდს გააკეთებს ხოლმე