ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში უკვე მოკლული მიიყვანეს

ზვიად გამსახურდიას პირადი მცველი 24 წლის შემდეგ, პირველად, პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებებზე ალაპარაკდა. ბადრი გოგელაშვილი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში უკვე მოკლული მიიყვანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.

დაცვის წევრი ამბობს, რომ მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის ორ წევრთან ერთად სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში მიდიოდა.

პრეზიდენტის პირადი მცველი საბედისწერო დღეებში გროზნოში იყო. მან მკვლელობის დეტალები ბასილ მკალავიშვილისგან გაიგო. ბასილ მკალავიშვილი ადასტურებს, რომ ციხეში პატიმარი გიორგაძე მისი თანამოსაკნე იყო, რომელმაც უთხრა, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობას თავად ესწრებოდა.

კარლო ღურწკაია ბადრი გოგელაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, რომ ზვიად გამსახურდია ღურწკაიების სახლში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს კატეგორიულად უარყოფს. იხსენებს, რომ პირველი პრეზიდენტი მის სახლში გვიან ღამით მივიდა.

ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია კი აცხადებს, რომ საქმის გახსნის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ამბობს იმასაც, რომ საქმეში არსებული უზუსტობები პროკურატურის მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა.

საქმის ბოლომდე მიყვანის პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს, ვერც ცოტნე გამსახურდია. ის თვლის, რომ არიან პირები, რომელთა ინტერესშიც გამოძიების დასრულება არ შედის.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი წელია საქმეს მკვლელობის მუხლით იძიებენ, ოჯახს ამ დრომდე პროკურატურა არ აძლევს საქმის მასალებს.

რეზონანსული საქმე ახლა ევროსასამართლოში მიდის და სარჩელი სტრასბურგისთვის უკვე მზადდება.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, თეა წულუკიანი გახდეს
შემდეგი სტატიაპოლონეთი გერმანიისგან ომის გამო კომპენსაციას მოითხოვს