ზვიად გამსახურდია, ეკლესია და აწმყო

ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები იმ ადამიანებზე, რომლებიც ღიად საუბრობენ საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე და კრიზისზე. განსაკუთრებით სამწუხაროა უმართებულო შეფასებები, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ეკლესიას და ებრძვიან პატრიარქს. უფრო მეტად ამაზრზენია, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ საპატრიარქოს სპიკერები და მასთან დაახლოებული საერო პირები. რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რომ პრობლემები, რაზედაც მახვილდება ყურადღება, ნამდვილად არსებობს და ეს ინსტიტუცია მის გადაჭრაზე კი არ ზრუნავს, არამედ აღრმავებს.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ არც ერთი ეს საკითხი არ გახდებოდა საჯარო მსჯელობის საგანი, საეკლესიო სასამართლოს არსებობის პირობებში. ყოველ შემთხვევაში, მრავალი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა ეკლესიის წიაღში. ამჯამად კი გვაქვს მოცემულობა, როდესაც ეკლესიამ ვერაფერი ისწავლა საკუთარი გამოცდილებიდან.

ჯერ კიდევ 1980 წელს ზვიად გამსახურდიამ მიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს იმ წუხილით, რომ მასაც მოიხსენიებდნენ პატრიარქის წინააღმდეგ მებრძოლად და “მტრად”. მიმართვაში, რომელსაც ქვემოთ ვაქვეყნებ (დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახელი ისტორიის ცენტრალურ არქივში. ფონდი 1880, აღწერა 1, საქმე 386), ზვიად გამსახურდია აპელირებს ეკლესიის წიაღში არსებულ პრობლემებზე და პატრიარქს მიმართავს წინადადებით – შიქმნას საეკლესიო სასამართლო.

მოვლენების შემდგომი განვითარება – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევება და ამ პროცესში კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლთა გვერდით დგომა (პრეზიდენტის გაძევების დიდი ბანკეტით აღნიშვნა), თვალნათლივ მიუთითებს ვის ინტერესებს ატარებდა იმ პერიოდში საქართველოს საპატრიარქო. ახლა ხომ ადვილად დასანახია საპატრიარქოს არჩევანი ქვეყნის დამოუკიდებელობისთვის მებრძოლ ზვიად გამსახურდიას, ეროვნულ ძალებსა და გურამ მგელაძის მიერ მოსკოვიდან დაფინანსებულ მხედრიონს შორის, რომლის წევრები დღესაც საბედისწერო როლს თამაშობენ ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ ეკლესიის სახელით ილაპრაკონ და მინიმუმ სირცხვილია, უტიფრობაა, რომ ეკლესია თავად ამ ადამიანებს აძლევს უფლებას იყვნენ მისი “ინტერესების დამცველნი”. უფრო მეტიც, ამ ფონზე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ საპატრიარქომ შეისისხლხორცა საბჭოთა – კომუნისტური ნომენკლატურის მაღალი თანამდებობის პირები და სწორედ ამ ადამიანებს, რომლებიც “გუშინ” მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებს ემსახურებოდნენ და ქადაგებდნენ, მის სასწავლებლებში – სემინარიაში, აკადემიაში უბოძა სამსახურები, თანამდებობები, პრივილეგიები. იგივე ადამიანებს მისცა საკუთარი სულიერი შვილების, მომავალი ღვთისმსახურებისთვის განათლების მიცემის უფლება. ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მცირე – ევალებოდათ (ასრულებდნენ კიდეც)ათეიზმის “ქადაგება” საპატრიარქომ ქრისტიანობის ქადაგების უფლება მისცა. ადამიანებს, რომელთათვისაც ღირებულებითი თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, იმის გარდა, რომ გულის ჯიბიდან ამოიღეს პარტბილეთი და მკერდზე ბრილიანტებით თუ სხვა ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ჯვრები დაიკიდეს (ესეც ალბათ პრივილიგიაა). არავისთვისაა დამალული, რომ საბჭოთა საქართველოს კომუნისტური პარტიის მაღალი თანამდებობის პირები, რომელთათვისაც მზე ახლაც ჩრდილოეთითად ამოდის და ოკუპანტ ქვეყანასთან ვალდებულებითი კავშირები აქვთ, დღესაც ყოველგავრი ბარიერების გარეშე – შინაურულად ურთიერთობენ არა მხოლოდ ცალკეულ ღვთისმსახურებთან და იერარქებთან, თავისუფლად დაიარებიან საპატრიარქოსა თუ სხვადასხვა ეპისკოპოსების რეზიდენციებში, არამედ ერევიან ეკლესიის მართვაში და ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრავენ საპატრიარქოს ქმედებების შინაარსს, ფორმას და ცალკეული მოვლენის იდეოლოგიურ საფუძვლებს. (რომელი მორწმუნისთვის არის ასეთი “პრივილეგია” ხელმისაწვდომი?)

ზემოთ მოყვანილი თუნდაც ზედაპირული, მაგრამ ღრმა შინაარსის მაგალითები თვალნათლივ მეტყველებს ვის სამსახურში იდგა და დგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია. ვისი გავლენით და რატომ ებრძოდა ეროვნულ ძალებს და ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობას. მით უფრო, ხომ ყველასათვის ცნობილია, ამ საბჭოთა ნომენკლატურის რადიკალური ბრძოლა არა მხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლების, არამედ “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლების და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტები ხილულია – თვით “ოცნების” ხელისუფლების მიმართაც. ეს ბრძოლა ხომ რეალურად რუსული ინტერესების მსახურება და მოსკოვის ნეოიპერიალისტური პოლიტიკის საქართველოში რეალიზების მცდელობაა.

დღევადელი ვითარება – შორენა თეთრუაშვილის უკიდეგანო ძალაუფლება ეკლესიაში და ეკლესიის მართვა რუსული ინტერესებით, პროცესის კულუარებში ლევან ვასაძის და საბჭოთა საქართველოს კომპარტიის ოდიოზური ფიგურების ყოფნა, შეფუთული ვითომდაც ეროვნულ-პატროტული სულისკვეთებით, რუსეთის მიერ ხელდასმული მოსაყდრის ყოლა სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად თავისთავად მეტყველებს, რატომ იჩქმალება ეკლესიაში არსებული პრობლემები და როგორ მანიპულირებენ რუსეთის მესვეურები, ეკლესიის წიაღში მყოფი პირდაპირი და გავლენის აგენტები – ცალკეული მანკირებებებით რაც ჩვენი ეკლესიის წიაღში არსებობს.

ჩვენ მტრები არ ვართ. იმ მანკიერებებზე (მორალურ-ზნეობრივი) უფრო, რაზედაც ზვიად გამსახურდია თავის წერილში მიუთითებს და რაზედაც აქცენტირებას არ ვაპირებ, მე მაწუხებს ჩვენი ეკლესიის მმართველი ადმიანისტრაციის და ცალკეული ღვთისმსახურების მხრიდან რუსული ინტერესების მსახურება, გაუნათლებლობა ეკლესიის წიღაში, უკიდეგანო სიხარბე და ეკლესიის კუთვნილი ქონებისა და საგანძურის განკარგვა პირადი კეთილდღეობისთვის. მაწუხებს საპატრიარქოს მხრიდან სახელმწიფოს განვითარების ვექტორის ცვლილებების დაუსრულებელი მცდელობა. მაწუხებს მისი ისტორიული როლის ნიველირება და სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივი შანტაჟი. მაწუხებს არაპარტნიორული დამოკიდებულება სახელმწიფოსთან.
უფრო მეტიც, მაწუხებს, ქუჩაში მშიერი, ხელგაწვდილი, უსახლკარო ადამიანების ყოფნა და ბოქლომდადებული ტაძრების კარები, რაც ქრისტესთვის საკუთარი სახლის კარების დაკეტვის ტოლფასია. მაწუხებს ეკლესიაში არსებული უსიყვარულობა და სიძულვილი, თუნდაც “ძე შეცდომილთა” მიმართ. მაწუხებს გრიგოლ ხანძთელის გზის უარყოფა და გუნდიაევების, დუგინი-ვასაძის იდეოლოგიით სიარული. მაწუხებს გამოგონილი კუდიანების დევნა, როდესაც ტაძრებში ეშმაკები დანავარდობენ. მაწუხებს ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. და თუნდაც, ამ წერილის კონტექსტში – მაწუხებს ის, რომ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს არასოდეს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ პრეზიდენტ გამსახურდიას დასაცავად. პრეზიდენტის, რომლის პოლიტიკა შესაძლოა, ბევრისთვის მიუღებელი იყო (მეც არ გახლავათ მისი პოლიტიკის აპოლოგეტი), მაგრამ ის ამ ეკლესიის შვილი გახლდათ და ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

სულ ეს არის – ჩვენ არ ვებრძვით ეკლესიას, ჩვენ არ ვებრძვით პატრიარქს, ჩვენ არ ვართ მტრები. ჩვენ სინამდვილეში ვიბრძვით ჩვენი ეკლესიის კათარზისთვის, რომელიც ასე სჭირდება არა მხოლოდ სამღვდელობას, არამედ ერსაც.

გოჩა მირცხულავა

27 თებერვალი, 2019 წელი

 

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია აცხადებს, რომ მასსა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება 2017 წელს სასამართლო რეფორმისას დაიწყო
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ალიევს პირისპირ შეხვდა