ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პირველ პრეზიდენტზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ზვიად გამსახურდია ამზადებდა ახალ რუის-ურბნისს, რათა მართლმადიდებლური ეკლესია “წითელი სამღვდელოებისგან” გაეთავისუფლებინა”.
მისივე განმარტებით, გამსახურდია მიიჩნევდა, რომ “წითელი სამღვდელოების” გააქტიურებამ, სასულიერო პირთა რიგებში მორალური გახსნა გამოიწვია. განყენებული მიტროპოლიტი საქართველოს პირველი პეზიდენტის ამ განცხადებასა და პატრიარქის მხრიდან იმ მძიმე დანაშაულებებს შორის ავლებს პარალელს, რომელში “მხილებასაც” მისი მაღალი სასულიერო იერარქიის წოდება შეეწირა.
“უნდა გაიღვიძოს ერმა! ეს ერის გამოღვიძების შანსი საქართველოს ჰქონდა ეროვნული ხელისუფლების მმართველობის დროს, როცა ქვეყანას ბატონი, ზვიად გამსახურდია მართავდა, რომელიც იყო ღრმადმორწმუნე, მართლმადიდებლური აზროვნების ადამიანი, სასულიერო კანონების ზედმიწევნით მცოდნე და მას ჰქონდა სწორი ხედვა და სტრატეგია, როგორც კავკასიის რეგიონთან, ასევე, ეკლესიასთან მიმართებაში. ის ამზადებდა ახალ რუის-ურბნისს, რადგან მან იცოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, უნდა გათავისუფლებულიყო ე.წ. “წითელი სამღვდელოებისაგან”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველ ერს არ აქვს მომავალი. შემიძლია ციტატა მოვიყვანო, ეს მისი სიტყვებია: “წითელი სამღვდელოების” გააქტივებამ, გამოიწვია არნახული მორალური გახსნა სასულიერო პირთა რიგებში. ეს 60-იანი წლებიდან, პატრიარქი ეფრემის პერიოდიდან იწყება”. დღემდე, ილია შიოლაშვილი არის ამ “წითელი სამღვდელოების” წარმომადგენელი და ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით უნდა დავასრულოთ საბჭოთა მემკვიდრეობა. ჩვენი ერის მდგომარეობა, პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე.”

















