ზვიად ძიძიგური: თამარ ლალიაშვილის მიმართ გულში ბოღმა არ მაქვს

„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ლალიაშვილი მისი ბრალმდებელი იყო.

როგორც ზიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 1995 წელს 20 წლის წინ ლალიაშვილი მის სასამართლო პროცესზე პროკურორი იყო.

„არავითარი ბოღმა არ მაქვს გულში ამის გამო. მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები როცა გაიმართება, შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო.

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამეკეთებინა განცხადება. 1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი, საკმაოდ მძიმე ბრალდებები იყო. რამდენიმე ბრალდებულს შორის ზვიად ძიძიგურიც იყო. ამ საქმეში მე და კიდევ ერთი პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. მაშინ გათვალისწინებული იყო სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა. მაშინაც და ახლაც ამ სასჯელის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. ბუნებრივია, როდესაც დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს განვუცხადე უარი. ამის გამო მომხსნეს პროცესიდან“,-აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს – სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც.

banner
წინა სტატიაში(video) შსს-ს მიერ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა