ქრისტიანისთვის ყველანაირი ძალადობა მიუღებელიაოპოზიციურ პარტიას როდესაც მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ ეს პოლიტიკური მექანიზმი, შეიძლება, გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ძიძიგურის თქმით, არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და ხელფასების აღებას.
როგორ მან აღნიშნა, „არავინ აპირებს პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩადენას“.
„პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იმავე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ. ახლა იმაზე ლაპარაკი, როდის დაწერთ განცხადებას, როდის ჩახსნით სიებს… ეს ეჭვები არის ეჭვები. დაგვიტოვეთ იმის უფლება, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, როდის გავაკეთებთ ამას. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვისთანაც ვართ აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში. უკვე რამდენჯერმე ვთქვი, არ შევალ პარლამენტში-მეთქი და უკვე ერთი და იგივე შეურაცხმყოფელიც კი არის. მე დამიჭრია ეს მანდატი და გადამიყრია ხალხში, მქონდა ასეთ რამ ბიოგრაფიაში, 2008 წელს.
ოპოზიციურ პარტიას როდესაც მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ ეს პოლიტიკური მექანიზმი, შეიძლება, გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე. წინ არის ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლის პროცესი. ვამბობთ, არ შევალთ, ხელფასებს არ ავიღებთ. ნება მოგვეცით, ეს უკიდურესი ნაბიჯი გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩავთვლით ყველაზე მიზანშეწონილად, საჭიროდ. არავინ აპირებს პოლიტიკური თვითმკვლელობის ჩადენას“, – განაცხადა ძიძიგურმა.
ამასთან, ძიძიგური აღნიშნულ საკითხზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ლაპარაკობდეს გაწონასწორებულად და არა როგორც ერთ-ერთი პარტიის აქტივისტი.
„მინდა, გამოვეხმაურო შალვა პაპუაშვილს. საერთოდ, პარლამენტის თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც ასეთი, არ წარმოადგენენ ერთ კონკრეტულ პარტიას, ისინი არიან მთელი საქართველოს მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარეები და მთელი საქართველოს მანდატი აქვს პრემიერ-მინისტრს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეები ლაპარაკობენ, როგორც ერთ-ერთი პარტიის აქტივისტები. მათ არ აქვთ იმის განცდა, რომ ისინი მთელი საქართველოს სახელით უნდა ლაპარაკობდნენ. ის ყველასი – ოპოზიციის თუ პოზიციის თავმჯდომარე უნდა იყოს, უნდა ლაპარაკობდეს გაწონასწორებულად. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუასგან უნდა განსხვავდებოდეს თავისი ტექსტებით და მეტყველებით. ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი არ უნდა იქცეოდეს, როგორც კონკრეტული პარტიის აქტივისტი. მას გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს, გაცილებით მეტი სიმძიმე უნდა ჰქონდეს“, – განაცხად ძიძიგურმა.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ იღებს „გახარია საქართველოსთვის“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას, ძიძიგურმა უპასუხა:
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვართ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ სახალხო პროტესტს ჩვენ ვაღიარებთ, ამიტომ ამ პროტესტში მონაწილეობას ვიღებთ. სტუდენტური პროტესტი როდესაც იყო, ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებული სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, როდესაც „ქალების მარში“ იყო, ჩვენი ქალებიც მონაწილეობდნენ და ა.შ.“ – განაცხადა ძიძიგურმა.