ზვიად ძიძიგური: ყველას დაერქვას თავისი სახელი – ვინ არის დამნაშავე, ვინ პროვოკატორი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება, მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შემდეგ შეიძლება.

აღნიშნული განცხადება ზვიად ძიძიგურმა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა უმრავლესობას იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოსთხოვა, ვინც მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტი “დაუკვეთა”.

“ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება, მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შემდეგ შეიძლება. არავის აქვს უფლება, ვინმე, სხვა შემთხვევაში დამნაშავედ გამოაცხადოს. ყველაზე მეტად, თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესები წარიმართოს დემოკრატიულად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, უმრავლესობა. ბიუროს ოთახიდან კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება და ყველას დაერქვას თავისი სახელი – ვინ არის დამნაშავე, ვინ პროვოკატორი, ვინ რა ნაბიჯი გადადგა და ა.შ.”,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაში2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკო უკრაინაში გაფრინდა