ზვიად ძიძიგური : ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას

დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა იყო ძალიან წარმატებული, მაგრამ ნაბიჯით, რომელიც გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაიდგა, სასამართლო რეფორმის კრიტიკოსების წისქვილზე დაესხა წყალი. ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში განაჩენს გამოიტანს. ეს არის ცალსახად, რომ მოსამართლე და სასამართლო არიან მიკერძოებულნი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, პროცედურული ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

​ძიძიგური აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება სტრასბურგში და ქართული მხარე აქედან მხოლოდ დაზარალდება.

„როდესაც დასავლელი კოლეგები გვაკრიტიკებენ და აკრიტიკებენ სასამართლო ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯს, პოლიტიკურ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ის სასამართლო ხელისუფლებას იყენებს პოლიტიკური მიზნით, ამით ქვეყნის იმიჯი ზარალდება. ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს და არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა არ სუსტდება.

„არ მახსოვს არც ერთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დაჭერებით რაიმე ტიპის წინააღმდეგობა შესუსტებულიყო. ამას შეუძლია, მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი იქონიოს და არავითარ შემთვევაში ეს არ შესუსტდება. გინახავთ ვინმე შეშინებული, როდესაც საპროტესტო აქციის დროს აკავებენ?

მთავარი, რაც სჭირდება ქვეყანას, არის პოლიტიკური სტაბილურობა, განსაკუთრებით, წელს, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნები ჩაატაროს მშვიდობიანად, წყნარად და კანონის სრული დაცვით. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამას ისიგრძეგანებს. სხვაგვარად ჩვენ შეიძლება, მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. უმართავი პროცესები შეიძლება წარიმართოს ქვეყანაში, თუკი გაგრძელდება ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეს უნდა შეწყდეს და დასრულდეს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს
შემდეგი სტატია15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში არ გამოცხადდა