ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ Facebook-ზე პოსტი ქართული ოცნების თხოვნით დაწერა

კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს, რომ პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ Facebook-ზე პოსტი, რომელშიც ძიძიგურს აკრიტიკებს, ქართული ოცნების თხოვნით დაწერა.

ძიძიგური ფორმულასთან ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის დამახასიათებელია – როცა სოციალურ ქსელში ამგვარი განცხადება კეთდება, შემდეგ იმედზე სასწრაფო სიუჟეტი კეთდება.

“მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, ასეთ თემას იმიტომ, რომ ტელეკომპანია იმედი სიუჟეტებს არ აკეთებს მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის. როდესაც სოციალურ ქსელში ასეთი ტიპის აქტიურობას მოჰყვა სასწრაფო სიუჟეტი იმედზე, ვფიქრობ, რომ ეს არის მმართველი გუნდისთვისაც ძალიან დამახასიათებელი. იმედს ვერ დავარქმევთ, რომ არის მიუკერძოებელი და ობიექტური ტელევიზია”, – ამბობს ძიძიგური.

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ელისო ბოლქვაძის პოზიციაა, მასზე მმართველ გუნდშიც ასე ფიქრობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა, ვინც მათ აკრიტიკებს, მათი მტერია.

“ფაქტია, რომ ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი ელისოს პოზიცია, ეს არის ქართული ოცნების პოზიცია, რომ ვინც ლაპარაკობს რამე კრიტიკულს ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილზე, ის ჩვენი მტერია. ეს არის მესიჯი, რომელიც მინიშნებით იკითხება ასეთ ფეისბუქპოსტზე”, – აღნიშნა ძიძიგურმა.

მისივე განცხადებით, თუ მმართველ გუნდში თვლიან, რომ მისი განცხადება არასამართლიანი იყო, “ე.ი. სწორი მიმართულებით მიდის”.

პარლამენტში ქართული ოცნების სიით შესულმა ელისო ბოლქვაძემ Facebook-ზე წერილი გუშინ გამოაქვეყნა. ის ძიძიგურს ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და ამბობს:

“დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა ქართულ ოცნებაში და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია – როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს”.

მანამდე, 4 დეკემბერს ძიძიგურმა თქვა, რომ პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის წინაშეა ანგარიშვალდებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პარტიები ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ
შემდეგი სტატიაჰარცელი: საბოლოო გადაწვეტილება ლიდერების მისაღებია