“შიოს მიმართ ჩემს 2021 წლის კანონიკურ საჩივარში მითითებულია სჯულის კანონის კონკრეტული მუხლები, რომელთა მიხედვითაც შიო არათუ პატრიარქი ვერ გახდება, არამედ მღვდელმთვარობისგან განკვეთასაც კი იმსახურებს”,- წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე და 2021 წლის საჩივრის წერილს ავრცელებს
“თეოლოგმა ზვიად ცაბაძემ სენაკისა და ჩხოროწყუს და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდში ოფიციალურად უჩივლა
✝ საეკლესიო კანონიკური საჩივარი
საჩივრის ავტორი: ზვიად ცაბაძე
საჩივრის ადრესატი: სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
საჩივრის განმხილველი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი.
ვემყარები რა მოც. 34, და სხვა, განსახილველ საკითხთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კანონებს, კერძოდ: მოც. 37, 74, 75; IV მსოფლ. 9, 17, 19, 21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14, 15, 20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8, 10, 11, 12, 15, 18, 19, 59, 104, 128, 129, 130, 132. ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9, რომლებიც უფლებამოსილებას მანიჭებენ კონკრეტული მღვდელმთავრის მიმართ საეკლესიო სახის საჩივრის დაყენებისა, ბრალს ვდებ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ამ უკანასკნელის მიერ მისდამი რწმუნებული ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპარქიის (ექსარქია) უგულვებელყოფის გამო, რაც გამოიხატა შემდეგში: მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის მიერ მისი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპარქიაში გამწესებიდან (2009 წლის 30 აპრილი) დღემდე არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ შეუდგა მსახურებას და მასზე რწმუნებულ მრევლზე მზრუნველობას. აღვნიშნავ იმასაც, რომ არ არსებობს მიტროპოლიტ შიოს მიერ წარმოდგენილი ობიექტური მიზეზები ხსენებულ ეპარქიაში მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისა, რაც მას საეკლესიო სასჯელისგან სრულიად გაათავისუფლებდა.
მიტროპოლიტ შიოს, რომელმაც თავისი ქმედებით უხეშად დაარღვია მოც. 36 და საკითხთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კანონები, კერძოდ: I მსოფ. 16; IV მსოფ. 29; ტრულ. 37; ანკვ. 18; ანტიოქ. 17, 18 ; ორგზ. 17; კირილე ალექს. 1, 2, 3, ასევე, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა – გამგეობის დებულების (მიღებულია 1995 წელს) VII თავში აღწერილი კანონიკური ვალდებულებები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უნდა აეკრძალოს ზიარება და საეკლესიო საქმიანობაში ჩარევის უფლება, ვიდრე არ შეუდგება თავის მოვალეობის შესრულებას – ავსტარლიისა და ახალი ზელანდიის ეპარქიის მართვას.
წერილობით ვადასტურებ მზაობას, ერთის მხრივ, ხსენებული ბრალდების დასამტკიცებლად მინიმუმ ორი ან მეტი მოწმის წარმოდგენისა, მეორეს მხრივ, კი ბრალდების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სასჯელის მიღებისა სჯულის კანონის განწესებისამებრ.
საჩივარი ელექტრონული ფორმით გაეგზავნა საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს წმინდა სინოდის მღვდელმთავართა ინფორმირებისა და შესაბამისი პროცედურების დასაწყებად.
ზვიად ცაბაძე
11.03.2021

















