ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტის მანდატზე უარით სწორ გაჩერებაზე ჩამოვედი – რუსუდან თევზაძე

არსად დავკარგულვარ, ზუსტად ვიცი, რომ ამ მომენტში სწორ, მართალ გაჩერებაზე ჩამოვედი – ამ დროსა და სივრცეში არ დავეთანხმე პარლამენტში შესვლას, შესაბამისად, დეპუტატის მანდატის გამოყენებას – ეს გადაწყვეტილება ადამიანურად ურთულესი იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, რუსუდან თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც განმარტა მიზეზები, რატომ თქვა უარი პარლამენტის დეპუტატის მანდატის გამოყენებაზე და რატომ დატოვა პარტია.

როგორც რუსუდან თევზაძემ აღნიშნა, ის პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას აღიარებს, თუმცა არ აღიარებს „ე.წ. ხელისუფლების ე.წ. პოლიტიკურ პირებს“.

„ყოფილი კოლეგა და ყოფილი მეგობარი არ არსებობს. ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, თუ მათ რაიმე თვისობრივი, შინაარსობრივი დახმარება დასჭირდებათ, ამისთვის მზად ვარ. მათ წარმატებებს ვუსურვებ, ისინი ახლა პარლამენტში არიან. თუ მათი არჩეული გზა იქნება შედეგზე და იმ მიზანზე ორიენტირებული, რაც ყველას ერთად გაგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციას დაუბრუნდეს და ისეთივე ღირსეული სახელმწიფოებრიობა აღიდგინოს, როგორიც საქართველოს ეკუთვნის, ძალიან კარგი, გამიხარდება.

მაგრამ მე დღეს აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ დროსა და სივრცეში, დღეს და ახლა, არ დავეთანხმე და არ ვეთანხმები პარლამენტში შესვლას, შესაბამისად, დეპუტატის მანდატის გამოყენებას. მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანურად ურთულესი იყო. ეს გზა, 2021 წლიდან დღემდე, არ იყო ია-ვარდებით მოფენილი, წინააღმდეგობებით აღსავსე იყო და ერთობლივი შრომით მოვიპოვეთ.

ჩემი შეფასებით, პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი და მექანიზმია პოლიტიკური საქმიანობის გამოყენების გზაზე, თუმცა დღეს და ახლა, მისი ფუნქცია ჩემთვის აბსოლუტურად დევალვირდა. არც ერთი პროცენტით არ გახდა ჩემი მოტივაცია, შინაგანი და გარეგანი ფაქტორული კომპონენტების ერთობლიობით, რომ დღეს იქ შევსულიყავი, მესარგებლა მანდატით და ასე დავხმარებოდი ქვეყანასა და ხალხს.

არც ერთ შემთხვევაში, პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, არ ეკუთვნის ე.წ. ხელისუფლებას, მთავრობას და იქ არსებულ პოლიტიკურ პირებს. ის ეკუთვნის ხალხს. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, ცხადია, ვაღიარებ, არ ვაღიარებ ამ ინსტიტუციაში, ამ შენობაში მყოფ ე.წ. ხელისუფლების ე.წ. პოლიტიკურ პირებს. მე უბრალოდ, ამ დროსა და სივრცეში არსებული სცენარი არ გავიზიარე არა პარლამენტთან, როგორც ინსტიტუციასთან, არამედ იქ მყოფ ადამიანებთან მიმართებით.

banner
წინა სტატიაშიPOG: დავაკავეთ კაცი, რომელმაც დაზარალებულის FB-ში მოტყუებით შეაღწია, პირად მიმოწერას გაეცნო
შემდეგი სტატიანინო დათაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა