ზურამ მოგვთხოვა მასთან ჩვენი მოსაზრებების შეთანხმება, საჯაროდ გამოსვლის წინ

ზურამ რაღაცნაირად მოგვთხოვა, განცხადებების საჯაროდ გამოთქმამდე, მასთან შეთანხმება, რაღაცნაირად ცენზურასავით გამოდიოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ წევრებმა გუშინ იცოდნენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, თუმცა ამ თემაზე პარტიის ლიდერს მათთან არ უსაუბრია.

ამასთან, ვახტანგ მეგრელიშვილი გამორიცხავს, რომ ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადება იყოს.

„გუშინ, ერთად ვიყავით ოპოზიციასთან შეხვედრაზე. შეხვედრის დასასრულს ვიცოდით, რომ ზურა რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა და გვაინტერესებდა, რა ხდებოდა. მანამდე გამოგვიგზავნა ულტიმატუმის მსგავსი ტექსტი და გვაინტერესებდა, რას გულისხმობდა. არ დაგველაპარაკა, სტატუსი იყო პასუხი. მინდოდა, ზურასგან მომესმინა კითხვებზე პასუხები. ზურამ რაღაცნაირად მოგვთხოვა, განცხადებების საჯაროდ გამოთქმამდე, მასთან შეთანხმება, რაღაცნაირად ცენზურასავით გამოდიოდა, რაც ჩვენთვის იმდენად გაუგებარი იყო, რომ ამაზე საუბარი მეუხერხულება.

ეს ბუნებრივად იყო იმ მომენტში იაგოს მიერ გაკეთებული განცხადება ერთ-ერთი ადამიანის დაკავების თაობაზე. ყველა გამოვრიცხავთ, იაგოს სტატუსი მიზეზი ყოფილიყო. ჩვენი მცდელობა იყო, ამ პოსტის მერე ზურას დავლაპარაკებოდით, რას გულისხმობდა, რადგან ზედაპირულად, სასაცილოდ ჟღერს და ამაზე საუბარი მეუხერხულება. ვერ წარმოვიდგენ, ზურა იმას სერიოზულად ითხოვდა, რაც მოიწერა.

ვერ წარმომიდგენია ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ მიდის და ვერ წარმომიდგენია, რომ იმ ორგანიზმიდან და იდეიდან გაქცევა როგორ შეიძლება, რომელიც ერთად შევქმენით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილის განცხადებით, მას სურს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პასუხი ზურაბ ჯაფარიძისგან მოისმინოს.

„პარლამენტში შესვლაზე პასუხი მინდა ზურასგან მოვისმინო, რადგან ერთად ვღებულობდით მოლაპარაკებებში მონაწილეობას“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, შედის თუ არა „გირჩი“ პარლამენტში, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია ოპოზიციის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე.

„იმ შემთხვევაში შევალთ, თუ ოპოზიცია თანხმდება და მოლაპარაკებები სრულდება წარმატებით. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც შევალთ, სხვა შემთხვევაში, აზრი არ აქვს შესვლას. იმას ვგულისხმობ რომ პარლამენტი მართლა პარლამენტი უნდა იყოს და არა ბუტაფორია. ჩვენთვის მთავარი არგუმენტი ის კი არ იყო, მოლაპარაკების შედეგად ვის რა პროცენტს მოუმატებდნენ ან დააკლებდნენ, ჯამურად ოპოზიცია უნდა ყოფილიყო წარდგენილი და საზოგადოებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, ეს ნამდვილად პარლამენტია თუ არა. ეს პოზიცია გვაქვს დღესაც. ამ მიმართულებით არც კი გვიმსჯელია, იმდენად ერთსულოვანი პოზიცია გვქონდა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში
შემდეგი სტატიაგოგა ხაჩიძე ზურა ჯაფარიძეს: ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას