ზურაბიშვილმა საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-ავსტრიის ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტთან პრესკონფერენციისას ისაუბრა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხზე.

„ვართ შედარებით პატარა ქვეყნები, მთიანი და ძალიან საინტერესო ქვეყნები. საერთო ასევე გვაქვს ის, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ერთი მხრივ ტურიზმზე, მეორე მხრივ ეკონომიკურ წინსვლაზე ტექნოლოგიებით, ენერგეტიკით და ამ ორივე დარგში ვხედავთ, რომ ავსტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა იყო, არის და გრძელდება, ვითარდება ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ავსტრიის განვითარების სააგენტოს როლი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია, უკვე მოღვაწეობს და ძალიან ბევრი პროექტი აქვს წამოწყებული ყველა იმ დარგში, იმ მიმართულებით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეკონომიკური ურთიერთობები გრძელდება, ვითარდება, ენერგეტიკის სფეროში, რომელიც დღევანდელ დღეს არის ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ბევრი ავსტრიული კომპანია მოღვაწეობს საქართველოში და მზად ვართ, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ეს თანამშრომლობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების და მეცნიერების სფეროში ჩვენი ურთიერთობები, თანამშრომლობა, პროფესიული განათლების, ანაზღაურებადი სტაჟირების მიმართულებით; აქტიური თანამშრომლობა გვაქვს და ამ კუთხითაც ვაპირებთ ურთიერთობის გაღრმავებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

​ზურაბიშვილის თქმით, ისევე, როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებისას, ამჯერადაც ისაუბრა სტუდენტების სწავლის საფასურთან დაკავშირებით.

„ეს გადასახადი დამოკიდებული არის წევრ ქვეყნებზე და არა ევროკავშირზე. მე მგონი, ამ ქვეყანაში დაახლოებით 2 000-მდე სტუდენტი გვყავს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის, რომ დაუწესდეთ საფასური, რომელიც იქნება იგივე, რაც ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებს აქვთ. ეს მნიშვნელოვანი არის სიმბოლურადაც, როგორც ასოცირებული ქვეყანა, რომ რაც შეიძლება დავუახლოვდეთ ამ ფორმით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როგორც ერთ-ერთი ასოცირებული ქვეყანა. რეგიონთა შორის თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახსენეთ, რომ 40 წელია, ინსბურგსა და თბილისს შორის არსებობს დამეგობრების შეთანხმება. წელს ინსბურგში საქართველომ დანიშნა საპატიო კონსული და ეს კიდევ უფრო განავითარებს ამ ორი ქალაქის ურთიერთობებს; ასევე, ახლა ხელი მოეწერა ტიროლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს შორის მემორანდუმს, რომელიც ამ ორ ყველანაირად დაახლოებულ რეგიონს მისცემს საშუალებას, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც ავსტრიას აქვს – სამთო სპორტი, კურორტების კუთხით და ტურიზმის კუთხით. ტურიზმის მიმართულებით თქვენი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

კულტურის დარგი არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პრაქტიკულად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ესეც ასე უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს იდენტობა ამაზე დგას; გარეთ ჩვენი წარმოდგენაც ასევე დიდწილად არის კულტურასთან დაკავშირებული; საჭირო არის, რომ ჩვენ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი თავი, როგორც ევროპული და ქართული ქვეყანა, ქართული კულტურის ქვეყანა და ეს შეზავება არის ალბათ, რაც ყველაზე უფრო საინტერესოა. მე მინდა, რომ შემოგთავაზოთ, რადგანაც მომავალი წელი იქნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი, აღვნიშნოთ ეს თარიღი იმით, რომ მინდა,​ მოგიწვიოთ საქართველოში, გაჩვენოთ სხვადსხვა კულტურული ღონისძიებები. ამ დროს შეიძლება, ჩავატაროთ ავსტრიის კულტურის დღეები და ჩვენც გაჩვენოთ ის, რაც შეიძლება, ჩვენ წამოვიღოთ და აქ წარმოვიდგინოთ ავსტრიის მსმენელს, მაყურებელს. ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის საშუალება იმისთვის, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები. მინდა, დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი მასპინძლობისთვის და ვისურვო, რომ გიხილოთ საქართველოში მომავალ წელს“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო
შემდეგი სტატიადავითულიანი: ეს ამ რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, როცა სააკაშვილზე ვინმე ამბობს, რომ ის უდანაშაულოა