“ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება”

“ევროპული საქართველო” კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უარყოს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება- პარტიის სახელით ბრიფინგი დავით ბაქრაძემ გამართა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს.

“ჩვენ მივეჩვიეთ სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნისთვის საზიანო, მავნებლური და ხშირად, უბრალოდ ბრიყვული განცხადებების მოსმენას, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად ხსნის ხოლმე მისი მხრიდან არასრულყოფილი ქართულით ან უბრალოდ კონტექსტის არცოდნით და უვნებელი სიბრიყვით. მაგრამ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ჯდება არაფერში.

მინდა მას შევახსენო, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს და ზუსტად ამიტომ, ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის ცხინვალის ციხეში.

მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცდონით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ჩვენი მეზობლები. როგორ შეიძლება, ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე, ეს არის იგივე, ილაპარაკო საქართველოს და კახეთს შორის, ან საქართველოს და გურიას შორის საზღვარზე, რომელი კონტექსტით, რომელი ფრანგულით ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამე? რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ, რუსეთის გარდა, და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სახელმწიფოებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ამ ორი ცნების გაიგივება ფრანგულიდან თარგმნით აიხსნება? არასრულყოფილი ქართულით აიხსნება?

ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან დიდი სიბრიყვე, მაგრამ სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა. იმიტომ, რომ რუსეთს დღემდე აქვს ორი არგუმენტი, როდესაც ის მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის მსოფლიოში.

რუსეთის პირველი არგუმენტი – “მსოფლიომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი, იმიტომ, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ქართველები არიან აგრესორები და მათ უნდა გვერდით დავუდგეთ როგორვ მსხვერპლს”.

ხომ არ გეცნობათ? დიახ, ეს არის ის, რაც სალომე ზურაბიშვილს არაერთგზის აქვს გაცხადებული, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

რუსეთის მეორე არგუმენტი – “რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია ფურცელზე, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშოროსო სამართალს, არსებობს დე ფაქტო რეალობა და ამ რეალობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან დამოუკიდებელო ქვეყნები და საქართველოს მეზობლები, ისე როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

ეს არის ზუსტად ის, რაც გუშინ ფაქტობრივად განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, როდესაც ილაპარაკა საქართველო-აფხაზეთის და საქართველო ოსეთის საზღვარზე და როდესაც უფრო მეტიც, ეს საზღვარი შეადარა ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს ჩვენს მეზობლებთან.

ეს ყველაფერი აღარც ფრანგულიდან თარგმნაა, აღარც სიბრიყვე და აღარც კონტექსტის არცოდნა – ეს ყველაფერი არის საქართველოს ეროვნული ფუნდამენტური ინტერესების დაზიანება, ეს ყველაფერი არის არგუმენტი რუსეთის ხელში, გააგრძელოს ბრძოლა აფხაზეთის და ოსეთის აღიარებისთვის და ეს ბრძოლა გააგრძელოს საქართველოს პრეზიდენტის ციტირებით” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზედა ეწერში ხანძარია
შემდეგი სტატია“შეურაცხყოფას ნუ აყენებს ამ ქვეყანას”-ჭიჭინაძე პრეზიდენტის განცხადებაზე