ზურაბიშვილი: ვიღაცას შეიძლება აწყობდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს

“არ გეგონოთ, რომ ამ ისტორიული ამოცანის წინაშე, მე არ ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას, არა როგორც კონკრეტული სამართლებრივი ან მატერიალური ბერკეტების მქონე, არამედ როგორც მორალური ძალა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამტარებელი; ამიტომ ამ ძალიან რთულ პერიოდში, მე თქვენს გვერდით ვიქნები, როგორც ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი…. ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, ან კიდევ აქვს, რომ წყენა, შევიწროება, ან სხვა რამ დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე.

პირიქით, მე ამ ფიცის უზარმაზარ ძალას დღესაც ვგრძნობ და ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ბოლომდე ერთგული. ასევე, ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს. მჯერა, რომ ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში.

უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ მანდატის დროს გადაიდგა ევროპისკენ ესოდენ გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი იყო და არის. არ ვაპირებ და არ მჭირდება ვინმეს შევეჯიბრო იმაში, თუ რა წვლილი მიმიძღვის ამ გამარჯვებაში, რამეთუ ეს საქართველოს მიღწევაა! ახლა გარჩევების დრო არაა, არამედ ამ მიღწევის ბოლომდე მიყვანის დროა! მე, პირადად, ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას, მცდელობას არ მოვაკლებ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, მე ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა