ზურაბიშვილი უვიზო მიმოსვლაზე : არ იყო აქ არანაირი მუქარა რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი

არ იყო აქ არანაირი მუქარა რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას საუბარი არსებულ პრობლემებს შეეხო, თუმცა საკითხი შესაძლო შეჩერების შესახებ არ დამდგარა. ზურაბიშვილის თქმით, არსებობს პრობლემები რომლის დაძლევაზეცსაქართველოს მხარემ უნდა იმუშაოს.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ნატოსა და ევროკავშირში გამართული შეხვედრების შემაჯამებელი განცხადების გაკეთებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს.

პრეზიდენტმა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში რუსეთის გააქტიურების შესახებ ისაუბრა.

„შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ არის ძალიან სერიოზული გამოწვევები: უკრაინაში რაც ხდება, რუსეთის გააქტიურება ამ კუთხით და აქ არის აუცილებელი, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატოსთან ერთად. გზავნილები იყო ძალიან პოზიტიური იმ მხრივ, რომ დაფასებული არის ის ფაქტი, რომ 300 000-მა ქართველმა ისარგებლა ამითი, შემოვიდა ევროკავშირში და ეს არის ძალიან პოზიტიური. ამავე დროს ვიცით, რომ არიოს პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებზე დიდი აქცენტი არ გაკეთებულა. არ იყო აქ არანაირი მუქარა რომ შეწყვეტილი იქნება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშავოთ,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო პერიოდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ იმატა, რაც შეშფოთების საგანია და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თეორიულ შანსებს ზრდის.

banner
წინა სტატიაშითბილისში 20 წლის ახალგაზრდას ეძებენ
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია