ზურაბიშვილი: შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე სოლიდარობისთვის, რომელიც გამოიხატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში

შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენს მადლობა გადავუხადე შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისთვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს შვეიცარიაში მისი პირველი ვიზიტია.

„მიმდინარე და მომავალი წელი, ჩვენი ურთიერთობებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 30 წელი უსრულდება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს, 25 წელი შესრულდა, რაც გაიხსნა თანამშრომლობის ოფისი საქართველოში, 20 წელი, რაც გაიხსნა შვეიცარიის საელჩო და ამდენი თარიღის ირგვლივ, მე მგონი, ეს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მართლაც ახალი ეტაპია.

პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისთვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით, ბევრად უფრო რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარია იმყოფება. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ძალიან პრაქტიკულიცაა.

მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ როლისთვის, რასაც შვეიცარია ასრულებს 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის, ასრულებს ამ როლს მოსკოვში.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე, უშუალოდ პრეზიდენტის როლი, როცა გათავისუფლდა ზაზა გახელაძე, მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა საშუალება უმაღლეს დონეზე ესაუბრა რუსეთის ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება.

„განვიხილეთ ის ფაქტი, რომ როცა გათავისუფლდა ერთ-ერთი მძევალი, ამავე დროს, ეს პროცესი გრძელდება და დღეს სამი ადამიანია არალეგალურად დაკავებული ასევე ამ ხაზზე. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი – ამ ხაზის აქეთ, თუ იქით. ეს ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდა კოვიდის პირობებში, რამეთუ ეს გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ ჩაკეტილიყო გადასასვლელი პუნქტები და არ მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალო საშუალებებით სარგებლობის საშუალება. ასევე, გავუსვი ხაზი, თუ რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება.
ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან პრობლემატურია ის მილიტარიზაცია, რასაც ვუყურებთ პრაქტიკულად ყოველდღიურად ორივე რეგიონში, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, არ ვხედავთ ჯერ მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესებას, ან რაიმე მომავალ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაწყვეტს ამ ძალიან რთულ და მძიმე პირობებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ასევე, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ, კონფლიქტი გაჩაღდა ჩვენ ორ მეზობელს შორის და პირველ ეტაპზე საქართველოს წარმატებული როლი მედიაციაში, რომელიც გაგარძელდება. ვიცი, რომ შვეიცარიაც ჩართულია. მისი სამშვიდობო როლი აქაც გამოიხატება და ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ამ რეგიონში აუცილებელია სტაბილურობა, რათა განხორციელდეს ყველა ის სამომავლო პროექტი, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ორმხრივი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობა.

„ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ძალიან დიდ პოტენციალს შეიცავს, რამეთუ ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმსა და სპორტში და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის – პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება.

მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ ამ მიღებისთვის, იმ საუბრისთვის, რომელსაც იმედი მაქვს, რომ საქართველოში გავაგრძელებთ, როცა გვესტუმრებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გამოხატული მზადყოფნისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: ,,გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არც ერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული, ციხეში ყოფილიყო სიმშვიდე და ამ შედეგს მივაღწიეთ“
შემდეგი სტატიაიასკო – სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას