საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა, რომელსაც პოლიტიკური ცვლილებები სურს, თუმცა არც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში დაბრუნებას უჭერს მხარს და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შენარჩუნებას. ამის შესახებ მან Facebook-ლაივში ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, ის თავადაც სწორედ ამ ამომრჩევლის ნაწილს მიეკუთვნება და ქვეყნის განვითარებისთვის ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„მე რასაც ვუყურებ და მესმის, საქართველოში დღეს არსებობს ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელსაც არ უნდა არც „ნაცების“ დაბრუნება — მე ვეკუთვნი ამ ნაწილს, და არ უნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს რეჟიმის სათავეში დგომა — მე ამასაც ვეკუთვნი. ჩვენი საზოგადოების ეს დიდი ნაწილი ელის ცვლილებებს. ცოცხალი სახელმწიფო სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ ქვეყანაში ცვლილებები ხდებოდეს და საზოგადოება არ იყოს მძევლად აყვანილი ნარატივით: „მე თუ არ ვიქნები, იქნება ქაოსი, ომი ან ჯოჯოხეთი“. არა, შენ თუ არ იქნები, ვიქნებით უკეთ, იქნება ახალი საქართველო და დავიწყებთ სუნთქვას თავისუფლად. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის და არა ვინმეს დაბრუნებისთვის ან კიდევ დარჩენისთვის“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე კონკურენციისა და უნდობლობის დრო არ არის. მისი ხედვით, ერთიანობა ორ მთავარ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: ანტიევროპული კანონების სასწრაფოდ გაუქმებასა და ხელახალი, სამართლიანი, პარტიული არჩევნების მომზადებას.
„ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დასხდნენ და საღად მოიფიქრონ, რა იქნება ის წინაპირობები, რაც სამართლიან, პარტიულ არჩევნებს უნდა უსწრებდეს წინ. ვისაც აქვს უხერხულობა, რომ ამ გაერთიანებაში საკუთარ იდენტობას დაკარგავს, ვერ ხედავს, რომ მით უფრო სწრაფად მოვა ის ეტაპი საკუთარი პარტიის საჩვენებლად, რაც უფრო მალე მივაღწევთ რეჟიმის გაშვებას. დღეს, სანამ ისინი აქ არიან, არანაირი საფუძველი არ არის არც უნდობლობის, არც კონკურენციის და არც შეჯიბრების“, — აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

















