ზურაბიშვილი: ქართველი ხალხი გამარჯვებულია, ამიტომაც ვზეიმობთ 26 მაისს

დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები, სრულიად უსამართლოდ, ციხეში არიან, ხოლო მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში უსამართლობა სუფევს? რატომ ვზეიმობთ როცა დღითიდღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას? რატომ ვზეიმობთ, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი? რატომ ვზეიმობთ? – ეს კითხვა ყველას გვაქვს. ჩემი პასუხია – ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ – იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო მოვიდა დღემდე. უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 1918 წლის მერე საქართველომ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიბრუნა. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 70 წლიანი ოკუპაციისა და ქვეყნის იდენტობის გაქრობის მცდელობის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმზე ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე 2 წელია, რაც დგას საქართველო ქუჩაში და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო – იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი, დგას დღეს უკვე 6 თვეა, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა ჩვენი ევროპული გზა შეეწყვიტა. დგას საქართველო და ამიტომაცაა გამარჯვებული.

გამარჯვებული არის 1 ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია – ის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსებაა. [საქართველო] გამარჯვებულია იმიტომ რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა. იმიტომ, რომ არც ერთმა მშობელმა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები. ამიტომ ვართ გამარჯვებულები უკვე და ამიტომ გვაქვს უფლება ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი,-თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე.

ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს, რაც არ უნდა დავუშვათ.

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა – “ქართული ოცნების”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი: “დაყავი და იბატონე’ – და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“”ქართულმა ოცნებამ” შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე – პარლამენტში „შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ. ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რესგისტრიება, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის ჩვენი, საერთო, იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა, ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბოლომდე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის მოწოდებით გამოდის, რომლებიც „მშვიდობიანი შეკრების უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს“
შემდეგი სტატიაიუკნევიჩიენე: ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია