საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მკაცრად გააკრიტიკა. ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯი მმართველი გუნდის სისუსტეზე მიუთითებს, ხოლო ისტორიულად მსგავსი აკრძალვები მხოლოდ ავტორიტარული და ფაშისტური რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი.
Facebook-ლაივში მოქალაქეების კითხვებზე პასუხისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამ ფორმით აკრძალვა რუსეთსაც კი არ განუხორციელებია.
„არასოდეს არ არის ასეთი ახირება სიძლიერის ნიშანი, პირიქით — ეს ყოველთვის არის სისუსტის ნიშანი. სუსტები არიან. ცხოვრებაშიც ასეა: ვინც მუშტებით მოდის შენზე, ის არ არის ძლიერი, ის არის სუსტი. მას სჭირდება, რომ დაგიმტკიცოს თავისი ძალა ან ლანძღვით, ან ასეთი გადაწყვეტილებებით,“ — განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უმძიმეს დარტყმას აყენებს და ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმების გვერდით აყენებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კითხვებით მიმართა მათაც, ვინც აქამდე მმართველ პარტიას უჭერდა მხარს.
„მე მაინტერესებს იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ “ქართულ ოცნებას” — შეიძლება მათაც გაუჩნდეთ უკვე კითხვები, თუ რა კატეგორიის ქვეყნებში ვიწერებით ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ და რას ემსახურება საქართველოს ასეთი დისკრედიტაცია.
ეს თუ არის საქართველოს იმიჯისა და იდენტობის გაძლიერება, როგორც ამას აცხადებენ, მე ძალიან მიკვირს, რადგან ამით ძალიან ცუდად გამოვიყურებით მსოფლიოში,“ — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.















