პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულi ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ თავდაცვის ძალების გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს”, – წერს პრეზიდენტი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სამხედრო წვრთნების “ღირსეულის პარტნიორის” გადადება გაურკვეველი ვადით გადაწყვიტა. სწავლება საქართველოში 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.
თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, 30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში.