ზურაბიშვილი: ოცნებამ სცადა, ქვეყანა EU-ის გზიდან გადაეყვანა, რასაც ხალხმა უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მიღებით საქართველოს ევროკავშირის გზიდან გადაყვანა სცადა, რასაც საზოგადოებამ უწყვეტი პროტესტით უპასუხა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება რუსულ წნეხს არასდროს დაუბრუნდება. ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ მოსახლეობაში 85%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ ციფრები არ არის.

“დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრით. მძიმე წერტილი იმ ხელისუფლების განაცხადისთვის, რომელსაც ჰქონდა, როგორც განაცხადი, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით.

ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა.

ეს არის გზა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, რომ ამ შუა გზიდან ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილი წარსულში.

ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოება უპასუხა 30 დღის განმავლობაში ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით.

ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზედაც ყველაზე ვსაუბრობდით, რომ ჩვენი საზოგადოების 85% მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში და რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ.

ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც არის ევროპული ღირებულებები – დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა – ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებითა და ამ შემართებით არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს”, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშილატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი – უთუოდ გავიმარჯვებთ!