ზურაბიშვილი: მთელი მსოფლიო გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ ერთპარტიული პარლამენტისკენ და ეს არის ძალიან ცუდი, ეს გადავლახეთ და რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმება შედგა

მე მუდმივად მაქვს მოწოდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ დეპოლარიზაციისკენ, ვისწავლოთ როგორ შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ ზოგ საკითხებზე, სხვადასხვა პოზიციებია და ზოგჯერ ამ პოზიციებთა შორის უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც საერთო კონსესუსის მიღწევა, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ, წინა წელს იყო 8 მარტის შეთანხმება და რეალურად გაგრძელდა კრიზისი, ამ წლის დასაწყისში რეალურად გამოსული ვიყავით კრიზისიდან, კარგად მახსოვს რომ იანვარში ვიყავი ბრიუსელში სადაც შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ასევე ნატოს ხელმძღვანელობასთან და იქ საქართველოს მიმართ კრიზისზე ლაპარაკი არ ყოფილა, პირიქით, საუბარი იყო ახალ გეგმებსა და ჩვენს წინსვლაზე. შემდეგ მოხდა რაც მოხდა და ისევ ჩავებით გაუთავებელ კრიზისში. იმ დოკუმენტში (მიშელის დოკუმენტი) ჩართული ვიყავი თავიდან ბოლომდე ოღონდ გარედან და არა მოლაპარაკებებში. დოკუმენტში რა შედიოდა და რა არ შედიოდა ეს ჩემი საქმე არ იყო. მთელი მსოფლიო გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ ერთპარტიული პარლამენტისკენ და ეს არის ძალიან ცუდი, ეს გადავლახეთ და რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმება შედგა. ის, რომ ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა ეს არის მისი არჩევანი და ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა. ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა. ეს დოკუმენტი შედგა, ვიღაცა აცხადებს, რომ დოკუმენტი ანულირებულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ იმ შეთანხმებებს, რომელიც ნიშნავს რომ ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წყობის ახლა ეტაპზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ მოაწერა მმართველმა გუნდმა ხელი შეთანხმებას, რომელშიც 43%-იანი ბარიერი იყო მითითებული, მაშინ როდესაც პირველ დოკუმენტში ასეთი პუნქტი არ არსებობდა.

“ალბათ, ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები და რა არ იყო მისაღები საზოგადოებისთვის. საერთოდ, ერთი პუნქტი არის, რომელიც ჩვენთვის და მე ნათქვამი მქონდა კიდევაც, გაუგებარია, მაგრამ არსებობს დანარჩენი საზოგადოებაც და პარტიებიც, ეს არის 43%-იანი ბარიერი, თუ საკითხი საერთოდ”, – თქვა ზურაბიშვილმა.

„ჩემთვის პოლარიზების შემცირებაა, როდესაც ის, ვინც პარლამენტს გარეთ არის, შედის პარლამენტში. ყოველთვის არიან პარლამენტში ისეთი ძალები, რომლებიც პროვოკაციაზე შეიძლება წავიდნენ, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ამან არ შეაჩერა პარლამენტის მუშაობა. ქუჩაში ტემპერატურა ნამდვილად შემცირდა, ვერავინ იტყვის, რომ გამოდის 1000 კაცზე მეტი და ეს არის ტემპერატურის ძალიან სერიოზული დაწევა. შეთანხმებასთან დაკავშირებით ყველას საკუთარი პოზიცია აქვს და მე ვერ შევალ განხილვაში, ვინ არის მართალი და ვინ არა. ფაქტია, რომ პარლამენტში მუშაობა გაგრძელდა არა ერთპარტიულ ფორმატში, არამედ მრავალპარტიულ ფორმატში. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ვერავინ თქვას, რომ საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო პროცესი არ მიმდინარეობს. ეს არის მთავარი ჩემთვის, თორემ იქნება პარტიებს შორის განსხვავებული მოსაზრებები, რაღაცაზე შეთანხმდებიან ან ვერა, ეს ნორმალური პროცესია“, –განაცხადა “შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა
შემდეგი სტატია“არ შეიძლება ძალადობა ჟურნალისტებზე, 5 ივლისს დილით ქაშვეთის წინ გავიარე და ვნახე, რომ ეს ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული” – სალომე ზურაბიშვილი