სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ბოლო მოხსენებით გამოსვლისას ქვეყანაში არსებული ჩიხიდან გამოსვლის საკუთარ “ფორმულასა” და “გზაზეც” ისაუბრა.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება ერთობა, თუმცა საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს პარტიების გაერთიანების სქემები. ზურაბიშვილი საზოგადოებას ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებას სთავაზობს, რომელიც ევროპული მომავლის მიზნის ირგვლივ იქნება გაერთიანებული.
“გაფრთხილებთ ყველას, დაინახეფთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია -„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის.
მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას.
სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს.
გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა.” – ამბობს ზურაბიშვილი.