ზურაბიშვილი – გილოცავთ კონსტიტუციის დღეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოების თითოეული წევრი პირნათლად და მტკიცედ უნდა ემსახუროს კონსტიტუციის მიზნებსა და პრინციპებს.

„სწორედ ამ დღეს, 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ეყრდნობოდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს.

კონსტიტუცია, როგორც ეროვნული თანხმობის, ერთიანობისა და განვითარების დოკუმენტი არა მხოლოდ ქვეყნის უზენაესი კანონი, ან უბრალოდ ნორმათა ერთობლიობაა, არამედ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამაერთიანებელი დოკუმენტია.

ჩვენ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ყველამ ერთად პირნათლად და მტკიცედ უნდა დავიცვათ და ვემსახუროთ მის მიზნებსა და პრინციპებს.

წელს ჩვენი ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე აღინიშნება, რომელიც დღესაც კი, თავისი ფასეულობებით ერთ-ერთ პროგრესულ კონსტიტუციადაა აღიარებული და გამოირჩევა თანამედროვეობის ძირითად კანონებს შორისაც კი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – დაკავებულია ხუთი პირი