ზურაბიშვილი გაბუნიას საქმეზე: პრეზიდენტი ვარ, არ მაქვს უფლება, სხვა ქვეყანა დავადანაშაულო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ამბობს, რომ ის პრეზიდენტია და არ აქვს უფლება, სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს. ზურაბიშვილი ასევე უარს ამბობს, კომენტარი გააკეთოს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარაზე.

“კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა.

დანარჩენი არის გამოძიების საქმე. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ ვაფასებ ჯერ კადიროვის მუქარას, მე არ მაქვს უფლება, რომ გავაკეთო კომენტარი, ველოდები, რომ გამოძიება დასრულდეს”. – თქვა ზურაბიშვილმა.

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს, სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაცი, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, მოგვიანებით მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რამდენიმე საათში კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა და მიუთითა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, “პოსტსკრიპტუმის” მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ “გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს”.

კადიროვმა გაბუნიას მიმართ მუქარა 16 ივნისსაც გაიმეორა და თქვა, რომ “გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი”.

ყველა ამ გარემოების მიუხედავად, არც პრემიერმინისტრმა გახარიამ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას საქმის შეფასებისას რუსეთი არ ახსენეს და აქცენტი “საქმის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე” გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს
შემდეგი სტატიამაშველებმა მტკვრიდან ორი მოზარდი ამოიყვანეს