ზურაბიშვილი: დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი – უთუოდ გავიმარჯვებთ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვეტოს დადებით არ შევა ქართულ ოცნებასთან ყალბ, ხელოვნურ და მატყუარა მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას ევროპულ პლატფორმას და მასთან დაკავშირებულ გეგმებს.

“მე ძალიან გარკვევით ჩვენს მეგობარ ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში მე, ჩემი ვეტოს დადებით, არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარ მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ამ ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადავურჩინო.

დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, ამისთვის მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ამ პლატფორმის საშუალებით, საქართველო არჩევნების გზით თავის გზაზე დაბრუნდება.

“ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით და მობილიზებულად და რომელიც ამ არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს.

ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ოცნებამ სცადა, ქვეყანა EU-ის გზიდან გადაეყვანა, რასაც ხალხმა უპასუხა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში – არა და არასოდეს!