ზურაბიშვილი: ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები

ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, დღეს ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, რომელიც მის მიერ 26 მაისს სასამართლო სისტემის შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან „სამარცხვინოდ“ შეფასებას შეეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი დასკვნები საქართველოს სასამართლო სისტემაზე „არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები“.

„ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, ამ ქვეყანას სხვები დღეს, ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული სასამართლო სისტემა და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე ჩვენით უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც არის ევროპული დონე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზებულია და ე.წ. კლანის მიერ არის მართული, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ: „ასეთ შეფასებებს ნამდვილად არ აკეთებს“.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „სამართლიანი სასამართლო საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“. აღნიშნულ განცხადებას ირაკლი კობახიძემ „სამარცხვინო“ უწოდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: მთავარი მაინც ხელისუფლებაა შენ ხარ ხელისუფლება და შენ იღებ გადაწყვეტილებებს, შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა