ზურაბიშვილი: არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან

არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს, მერებს და წარმატება უსურვა.

„​არჩევნები დასრულდა და მე მინდა, მოვულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა, მივულოცო გამარჯვება ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ცესკო-ს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

„არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთის მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არც ერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

„დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა – რა იქნება ახლა, როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრისა და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან.

რეალურად, ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს, გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია, ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომლებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი.

მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია, ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში, თქვენი იმედი მაქვს. მაგრამ მთავარი, გაერთიანების თუ არა, დაწყნარების მაინც ფაქტორი შეიძლება იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომელთა მიმართაც ვართ საქმით თუ სიტყვით გაერთიანებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – მივმართავ ხელისუფლებას, პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღოს