ზურაბიშვილი – არასოდეს დამავიწყდება ირინა ენუქიძის თვალები, არც ყველა ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო

არასოდეს დამავიწყდება ირინა ენუქიძის თვალები , არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო, იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა საერთაშირისო რჩევებსა და გაფრთხილების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა დესტაბილიზაციის დასათესად.

პრეზიდენტმა სამართალდამცველს მადლობა გადაუხადა პროფესიონალიზმისთვის.

„მადლობა სამართალდამცველ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესუნალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა, პირიქით, გაძლიერდება, დაცულია საზღვარიც ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობა.

ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია, სასიამოვნო არ არის, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, რადგან ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება. არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო, იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და შიშველი ხელებით ერთად ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესსა და კანონს. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა, რადგან მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოქალაქეობა დატოვა.

დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრისა და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე, ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშირისო რჩევებსა და გაფრთხილების მიუხედავად, რაც ბოლო პერიოდში მოდიოდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის.

ტყუილად ნურავინ იმუქრება, არ მოხდება მასობრივი გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა, სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს. როგორც დღეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიულ, ევროპულ და ძლიერ სახელმწფო მშენებლობის გზაზე, უნდა შეასრულოს ყველა მიცემული დაპირება საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე – იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება. დროა, წარსულს ზურგ შევაქციოთ, დროა, ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში. ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ, ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – მიშა ციხიდან გაცილებით გაძლიერებული გამოვა
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: გმირებს საკუთარი თავისუფლების ხარჯზე მოჰქონდათ ამ ქვეყნისთვის თავისუფლება