ზურაბიშვილი: არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას ან ხელოვნურ აჟიოტაჟს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დღის ბოლოს, როცა პირველი რიგის შეხვედრები უკვე დასრულდა, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა დაწყებული პროცესის მნიშვნელობას და მადლობა მოვახსენო მას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისა და მედიაციისათვის. დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ბატონმა დანიელსონმა სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ – არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი. კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები. ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე. არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არა მხოლოდ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს“ სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან – კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში, – ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა “ოცნებისა” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ზემოქმედება მათზე” – ნიკა გვარამია “იმედზე”, GDS-სა და “მაესტროზე”
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ უნდა დათმოს და კომპრომისებზე წავიდეს და ასევე, კომპრომისებზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამაც