ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, რაც კატეგორიულად მიუღებელია

კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა და აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება.

„გარეთ თუ შიგნით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას. სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება.

კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან.

მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – მიხეილ სააკაშვილის დაკავება კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს, ეს მას კარგად ჰქონდა გააზრებული
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი