ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურისა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილის ადვოკატებმა მათ მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

საჩივრის წერილი ადვოკატებმა – ტარიელ მურმანიშვილმა და კახაბერ ცნობილაძემ თელავის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში უკვე ჩააბარეს. დაკავებულების ინტერესების დამცველები ითხოვენ, რომ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული.

მათი თქმით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებაში მოყვანილი არგუმენტები დაუსაბუთებელი და უკანონოა.

„დავასაბუთებთ, რომ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. გაიზრდება თავმდებ პირთა წრე. სააპელაციო სასამართლოს ვთხოვთ, ეს გაითვალისწინოს, რადგან ისეთი პირები იქნებიან თვდებობაში ჩართული, რომ აღარ ექნებათ მათ უფლება, უარი თქვან. აქვე უნდა ითქვას, რომ განჩინებაში წერია, თითქოს თავდებმა პირებმა ვერ დაასაბუთეს, როგორ უნდა შეძლონ თავდებობის განხორციელება, ამას წერს მოსამართლე მაშინ, როდესაც თავდები პირები პირდაპირ მიუთითებდნენ, ჩემთან იცხოვრებს და გავაკონტროლებთ მის ქცევასო“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.

ადვოკატების მიერ შეტანილ საჩივარს სააპელაციო სასამართლო მიღებიდან 72 საათში განიხილავს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – სამჯერადი რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა