ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისის მე-8 დაწესებულებიდან თელავში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ.

„რამდენადაც მე ვიცი, გადაწყვეტილება მიღებულია. ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას დაესწრება. მას ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ”,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

წინა სტატიაში2021 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 22 პროცენტამდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაგაბუნია – დაწესებული რეგულაციების გამო, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდება