ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპირისპირდება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები.

“ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია. მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში. გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპოსრტმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდება, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე”, – განაცხადა ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებლება საჯარო გახადონ. მისი თქმით, ელემენტარული პირობები, გათბობაც არ არის.

“ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ. სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. ბატონო შოთა (ხაბარელი), თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია”, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შოთა ხაბარელს ზვიადაურმა.

შოთა ხაბარელის განცხადებით, ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და წინ სალიცენზიო შეჯიბრებებია ჩასატარებელი.

დეპუტატების გადაწყვეტილებით წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაში12:00 საათის მონაცემებით, გარდაბანში საკუთარი პოზიცია მოსახლეობის 11%-მა დააფიქსირა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის