ზურაბ წერეთლის თანაშემწე სერგი შაგულაშვილი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის გატაცებასთან წერეთლის რამენაირ კავშირს უარყოფს

ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის თანაშემწე სერგი შაგულაშვილი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის გატაცებასთან წერეთლის რამენაირ კავშირს უარყოფს. მან გივი ჯიბლაძის ბრალდებას აბსურდული უწოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ და საქართველოშიც სამშენებლო ბიზნესი არ აქვთ.

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე თავის გატაცებას ზურაბ წერეთლის კომპანია „მშენებელი სამის“ ინტერესებს უკავშირებს – ამის შესახებ ჯიბლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯიბლაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ „სვეტს“ ბაკურიანში მიწა გადასცა, სადაც შენობა უნდა აგებულიყო. მშენებლობის ნებართვების მიღების შემდეგ, „სვეტს“ „მშენებელი სამისთვის“ 150 ათასი დოლარი უნდა გადაეცა. ჯიბლაძე განმარტავს, რომ რადგანაც, ნებართვები არ იყო მიღებული, არც თანხა გადაუხდიათ. ჯიბლაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლების ინტერესებში იყო, ეს თანხა წინასწარ მიეღოთ.

შსს-მ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გუშინ ოთხი პირი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

banner
წინა სტატიაშიბერგულ ვარანი: პატიმრობისას თმები ძირიანად დამაგლიჯეს და ″მეჰთერის ჰიმნზე″ ცეკვავდნენ
შემდეგი სტატია„ევროპული საქარართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ბიზნესმენების ინიციატივასთან დაკავშირებით