ზურაბ სამუშია: ტობავარჩხილის ტბისკენ ახალი მარშრუტის მონიტორინგი და აღდგენა იგეგმება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში გამორჩეული ტურისტული მარშრუტის – ტობავარჩხილისკენ (“ვერცხლის ტბა”) მიმავალი რამდენიმე ბილიკის მონიტორინგსა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას გეგმავს-,აცხადებს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში ზურაბ სამუშია.მისივე განცხადებით, საუბარია იმ ბილიკებზე, რომლებითაც სარგებლობდნენ მეჯოგეები, მონადირეები და ამ მხარეში სხვადასხვა მიზნით მყოფი ადამიანები. ძირითადი ბილიკი მიემართება მაგანას ხეობის ზემო წელისკენ, საიდანაც ტურისტები ადიან ტობავარჩხილზე.

ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ხუდონის (ხოკოს) მონაკვეთიდან სატყეო-საუბნო სამანქანე გზა მიემართება ეგრისის ქედის სამხრეთ-დასავლეთის განშტოებაზე მდებარე ორულაფუს უბნამდე.

აღნიშნული მარშრუტის უპირატესობა, ტურისტული თვალსაზრისით, მდგომარეობს იმაში, რომ მისი უმეტესი ნაწილი გადის ეგრისის ქედის მაღალ, უტყეო ადგილებზე და აქედან ხელისგულზე ჩანს შავი ზღვა და მთელი კოლხეთის დაბლობი. ამასთან ამ მარშრუტზე არ არის მდინარეებზე გადასვლის აუცილებლობა, რაც, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, სხვა მარშრუტების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

მარშრუტი გადის მდ. მაგანას შენაკადების – სქურჭალის, ფართოღალის, დიდღალის ზემო წელებზე, სადაც მდებარეობს ათზე მეტი სხვადასხვა სიმაღლის ულამაზესი ჩანჩქერი, მათ შორის, დიდღალის კასკადოვანი ჩანჩქერების სიმაღლე 300 მეტრს აღემატება.

ასევე, მარშრუტი გამოირჩევა ტურისტების მოძრაობისათვის, ხელსაყრელი რელიეფით და, შესაბამისად, ცხენებით გადადგილებისას, იძლევა საშუალებას, უფრო სწრაფად, მაქსიმუმ 2 დღეში, ტურისტმა მიაღწიოს ტობავარჩხილამდემდე.

აღნიშნული მარშრუტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლისა და პრობლემური ადგილების დასაფიქსირებლად, ასევე, მარშრუტის გავლის ქრონომეტრაჟის ჩასატარებლად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმება აღნიშნული ბილიკების აღდგენისა და ტურისტულ მარშრუტებში ჩასმის ორგანიზება. შერჩეულია გამოცდილი და, კონკრეტულად, ამ ლოკაციების კარგად მცოდნე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, მომსახურების გაწევის შესახებ მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელებენ აღნიშნული მარშრუტის ერთჯერად მონიტორინგს, შემდგომში კი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას,-აცხადებს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში ზურაბ სამუშია.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარობოტინოსა და უროჟაინეს უკრაინელები სრულად აკონტროლებენ