“ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოცდილება პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საქმიანობისთვის”

news
ავტ.: news ნოემბერი 14, 2016 18:56

“ზურაბ პოლოლიკაშვილის გამოცდილება პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც აუცილებელია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საქმიანობისთვის”

ელჩი პოლოლიკაშვილის გამოცდილება ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უდიდეს როლს ასრულებს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობის განმტკიცებაში.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და დავასახელო ძირითადი მიზეზები, თუ რატომ თვლის მას ჩვენი მთავრობა შესანიშნავ კანდიდატად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უდიდეს როლს ასრულებს ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის შენარჩუნების მამოძრავებელი ძალის, მნიშვნელობის განმტკიცებაში. ამ სტატუსით მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რისთვისაც ჩვენი მზადყოფნის შესახებ ჩვენ ერთ წელიწადზე მეტია, რაც განვაცხადეთ. რასაკვირველია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებთან ტურიზმის, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და საერთაშორისო გაცვლების უდიდეს სარგებელზე ლაპარაკი ზედმეტიც შეიძლება იყოს, რადგანაც ეს ისედაც ცხადზე ცხადია. ასე რომ, ყურადღებას გავამახვილებ იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვუცხადებთ ჩვენ ელჩ პოლოლიკაშვილს უპირობო მხარდაჭერას. პირველ რიგში, ელჩი პოლოლიკაშვილის გამოცდილება ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის რთული საქმიანობის შესასრულებლად”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილი ამჟამად არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, რომელიც აკრედიტირებულია ალჟირში, ანდორასა და მაროკოში.

„ბატონი პოლოლიკაშვილი წლების მანძილზე მსახურობდა საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში. მას ასევე ეკავა ისეთი მნიშვნელოვანი პოსტები, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ხელმძღვანელობდა საკვანძო რეფორმების განხორციელებას, რომელთა მიზანიც იყო ქვეყნის გრძელვადიანი ფისკალური ზრდის უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობისა და სტრატეგიული საინვესტიციო ინიციატივების ხელშეწყობა, ასევე ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარება. როგორც ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდამჭერი, ის ხელს უწყობდა წამახალისებელ პროგრამებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ე.წ. მყარი (მატერიალური) და რბილი (სოციალური) ინფრასტრუქტურის გასავითარებლად”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა,

მისი თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილი ასრულებდა წამყვან როლს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში და ტურიზმის სექტორში უცხოური ინვესტიციებისა და ინოვაციებისმოზიდვასა და ინოვაციების წახალისებაში.

„თავისი საქმიანობით მან გზა გაუკაფა ტურიზმის სფეროში მდგრად პრაქტიკას და სიღარიბის აღმოფხვრისკენ გამიზნულ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო იქცა ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ცენტრად რეგიონში. ტურიზმის სექტორში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რეფორმები და მარკეტინგის განხრით გადადგმული ნაბიჯები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები ასევე ითვლება ზურაბ პოლოლიკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებად. თუმცა, ჩემი აზრით, ბატონ პოლოლიკაშვილს ყველაზე მეტად გამოარჩევს მიზანმიმართულება და ხედვა, რომლებიც მან გამოამჟღავნა სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აქვს ამბიციური მიზნები, რომელთა მიღწევაც საჭიროებს კვალიფიციურ, მიზანმიმართულ და, რასაკვირველია, ამბიციურ ლიდერს. ვთვლი, რომ ელჩი პოლოლიკაშვილი, თავისი განსაკუთრებული პირადი და პროფესიული თვისებებით, ზუსტად შეესაბამება ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, არჩევის შემთხვევაში ელჩი პოლოლიკაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ტურიზმის პრაქტიკასთან დაკავშირებით იმ ამბიციური მიზნების მიღწევაში, რომლებიც აქვს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას.

news
ავტ.: news ნოემბერი 14, 2016 18:56

Google სტატისტიკა


6,766
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics