ზურაბ პაპასქირი-წავიდა კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა და თანამებრძოლი ბორის კვარაცხელია…

 

კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება დააკლდა აფხაზეთის სამეცნიერო-პედაგოგიურ ინტელიგენციას – გარდაიცვალა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უხუცესი პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბორის კვარაცხელია.
ბატონმა ბორისმა უაღრესად რთული და ამავე დროს ძალზე შინაარსიანი გზა განვლო. ამაზე მეტყველებს მისი ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხები. იყო წარჩინებული მოსწავლე – ოქროს მედალზე დაამთავრა მშობლიური სოფლის – განახლების (გულრიფშის რ-ნი) საშუალო სკოლა; ასევე წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი (1956 წ.), რის შემდეგაც 8 წლის განმავლობაში ნაყოფიერად იღვაწა მშობლიური სოფლისა და ოჩამჩირის რაიონის სოფ. ჭლოუს საშუალო სკოლებში.
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ბ. კვარაცხელიამ გამოავლინა ინტერესი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისადმი. ის გამოდიოდა მოხსენებებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე. ამიტომაც სავსებით ლოგიკური იყო ახალგაზრდა, ნიჭიერი ისტორიკოსის (რომელსაც საშუალო სკოლაში მუშაობამ მეტად საჭირო პედაგოგიური გამოცდილებაც შესძინა) სურვილი თავისი ძალები მეცნიერებაში მოესინჯა. ამ ჩანაფიქრის განხორციელება მან მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში გადაწყვიტა. ეს იყო შორეულ 1965 წელს. ამ დროიდან ბორის კვარაცხელიასათვის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1979 წლიდან – აფხაზეთის/სოხუმის/ სახელმწიფო უნივერსიტეტი) არა უბრალოდ – Alma Mater-ად, არამედ ჭეშმარიტად მეორე ოჯახად იქცა. აქ მოხდა მისი, როგორც ლექტორის, დაფრთიანება, აქ განვლო მან უმაღლესი სკოლის თანამშრომლის ყველა ეტაპი კათედრის ლაბორანტობიდან პროფესორის თანამდებობამდე.
1972 წელს ბ. კვარაცხელიამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982-1984 წლებში მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა დოქტორანტურის სრული კურსი და მოამზადა სადოქტორო დისერტაცია ამიერკავკასიის ხალხთა კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც წარმატებით დაიცვა 1987 წლის 4 მარტს თბილისში. მიუხედავად პოლიტიკური კონიუნქტურით განპირობებული იდეოლოგიური კლიშეებისა, რომლის ჩარჩოებში უნდა ყოფილიყო მოქცეული ნებისმიერი საკვალიფიკაციო ნაშრომი (მით უფრო სკკპ ისტორიის განხრით), ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ბორის კვარაცხელიას მიერ ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევას, რომელიც ეფუძნებოდა უშუალოდ ავტორის მიერ თბილისის, მოსკოვის, ბაქოსა და ერევნის არქივთსაცავებში მოძიებულ და გამომზეურებულ მდიდარ ფაქტოლოგიურ მასალას, გარკვეულწილად, დღემდე არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ ბორის კვარაცხელია იქცა აფხაზეთის (სოხუმის) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურის ქართული ნაწილის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ამის ერთგვარი აღიარება იყო მისი არჩევა (1988 წელს) „ქართული ნომენკლატურისათვის“ განკუთვნილ „უმაღლეს საუნივერსიტეტო თანამდებობაზე“ – პრორექტორად სასწავლო მუშაობის დარგში, ანუ პირველ პრორექტორად, რომელზეც იმუშავა თითქმის 1 წელი (თანამდებობა დატოვა 1989 წ. 15-16 ივლისის სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ).
1989-1990 სასწავლო წლიდან ბატონმა ბორისმა სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა ახლადშექმნილი (აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოსული ქართული ნაწილის ბაზაზე) ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, საქართველოს ისტორიის კათედრაზე, სადაც წლების მანძილზე მიჰყავდა „ქართული კულტურის ისტორიის“ კურსი. 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ბორის კვარაცხელიას მიანიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება – საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას ეკავა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა პოლიტოლოგიის მიმართულებაზე.
ბატონმა ბორისმა და მისმა ოჯახმა, ისევე როგორც ზოგადად სოხუმის უნივერსიტეტის პროფესურის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, გმირულად გადაიტანა აფხაზეთის ომის სიმწარე, მას ერთი დღითაც არ დაუტოვებია მშობლიური კუთხე და მხოლოდ სოხუმის დაცემის შემდეგ გამოაღწია სამშვიდობოს. დევნილობაში, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, მან გამოიჩინა შესაშური მონდომება და ჩვეული სიბეჯითით გააგრძელა სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა. მეცნიერის ბოლოდროინდელი შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია კაპიტალური მონოგრაფია: „ნიკო ჯანაშიას კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა“ (გამოიცა 2009 წელს), რომელშიც პირველად ისტორიოგრაფიაში სიღრმისეულადაა გაანალიზებული აფხაზეთის ქართველობის გამორჩეული წარმომადგენლის, პედაგოგის, მკვლევარი-ეთნოლოგის, საქართველოს ერთიანობის მებაირახტრის ნიკო ჯანაშიას მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომისათვის ბორის კვარაცხელიას 2011 წელს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო – გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია.
ბოლო წლებში ბ. კვარაცხელია წარმატებით იკვლევდა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკას. ამ თემატიკას მიეძღვნა მეცნიერის მონოგრაფიები: „რუსულ-ქართული კონფლიქტი აფხაზეთში და საერთაშორისო თანამეგობრობა“ (2012) და „რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი) და საერთაშორისო თანამეგობრობა“ (2014).
პროფ. ბორის კვარაცხელია სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მშობლიური უმაღლესი სასწავლებლის ცხოვრებაში, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. ის არჩეული იყო აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ, იყო ამავე ორგანიზაციის პერიოდულის სამეცნიერო გამოცემის – წელიწდეულის: „საისტორიო ძიებანის“ სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი. ბატონი ბორისის ღვაწლი სათანადოდ დააფასა ქართულმა სახელმწიფომ – ის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
ბორის კვარაცხელიას საზოგადოება იცნობდა, არა მხოლოდ როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერს, გულისხმიერ პედაგოგს, მშობლიურ აფხაზეთზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, არამედ სანიმუშო მეოჯახეს. მან ნახევარ საუკუნეზე მეტი ბედნიერად იცხოვრა თავის უსაყვარლეს მეუღლესთან – ქალბატონ ნანული თურქიასთან, რომლის გარდაცვალებამ ის წელში გატეხა და ლოგინს მიაჯაჭვა. ბატონი ბორისი იყო მოსიყვარულე და მზრუნველი მამა, სრულიად განსაკუთრებული ბაბუა…
წავიდა კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა და თანამებრძოლი, წავიდა ბორის კვარაცხელია, მას სულ რაღაც რამდენიმე კვირა დააკლდა 90 წლის იუბილემდე… წავიდა ისე, რომ ვერ მოესწრო თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნების – საქართველოს გამთლიანების – ახდენას, მშობლიურ კუთხეში ღირსეულ დაბრუნებას.

ზურაბ პაპასქირი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს და მას უკანონოს უწოდებს
შემდეგი სტატიამაკრონი და ბაიდენი “ოცნებას”: პატივი ეცით საზოგადოებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით