ბიძინა ივანიშვილი: „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები… პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა…“
გორი, 14.09.2024.
მერამდენედ ვკითხულობ ამ გამაოგნებელ ტირადას და ვერაფრით ვიჯერებ, ნუთუ ქართველ კაცს, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაზე“ გაზრდილს, ამ დიდი მოძღვრისვე მშობლიურ კუთხეში – შიდა ქართლში – რეგიონში, რომელიც ისტორიულად საერთოქართული ერთობისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების სიმბოლოს წარმოადგენს, შეუძლია ასე ერთი ხელის მოსმით ფეხქვეშ გათელოს სწორედ ეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესი.
ნუთუ შეიძლება საკუთარმა ავადმყოფურმა ბოღმამ და სიძულვილმა, ხელისუფლების შენარჩუნებისაკენ დაუოკებელმა ლტოლვამ ისე დაგაბრმავოს, რომ მტერ-მოყვარე ვერ გაარჩიო, ქართული სახელმწიფოს მოღალატე-სეპარატისტები უცოდველ კრავებად („და-ძმებად“) გამოიყვანო, საქართველოს ერთიანობის აღდგენის მცდელობისათვის შენივე ქვეყნის ხელისუფლება მოღალატე-სეპარატისტებისა, რეალურად კი – მათ ზურგს უკან მდგარი რუსული სამხედრო მანქანის წინააღმდეგ „ომის გაჩაღებაში“ დაადანაშაულო და მთელი საარჩევნო კამპანია საქართველოს დამაქცევარი მტრის პუტინის ამ პროპაგანდისტულ ნარატივზე ააგო. ესეც არ იკმარო და ისე გათავხედდე, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის სახელმწიფოებრივი ერთიანობისათვის ბრძოლის იდეა დაასამარო და სახელმწიფოს მეთაურს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და, ფაქტობრივად, მისი „დანაშაულებრივი“ ბრძანების აღმსრულებელ ქართულ ჯარს „ნიურნბერგის პროცესით“ დაემუქრო.
დიახ, დღეს უკვე, კრემლის მიერ 2014 წელს ყირიმის ყბადაღებული „მშვიდობიანად შემოერთების“ («мирное воссоединение») შემდეგ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება „არ წამოეგო“ პროვოკაციას და უბრძოლველად ჩააბარა ყირიმი რუსეთს, მთელი მსოფლიო საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მაშინ იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ქართული ჯარის ოპერატიულმა მოქმედებებმა და გმირულმა წინააღმდეგობამ ჩაფუშა კრემლის გეგმა – შეექმნა ილუზია თითქოს ეს „სამხრეთელი ოსები“ ათავისუფლებენ „საკუთარ სამშობლოს“ და გაემეორებინა 1993 წლის სექტემბერის სცენარი, როდესაც რეალურად ასევე რუსული სამხედრო მანქანის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ქართველების მიერ „ჩაგრულ“ აფხაზთა „დიად გამარჯვებად“ მოინათლა.
დიახ, სწორედ „ყირიმის პრეცედენტმა“ საბოლოოდ დაამსხვრია ე.წ. „ტალიავინის კომისიის“ მიერ შეთითხნილი მითი, რომლის მიხედვითაც თურმე „ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვით 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს“ დაწყებულა „ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში“. განა დღეს ვინმეს, გარდა კრემლის პროპაგანდისტული მანქანისა, ასე მონდომებით რომ იმეორებენ „ქართული ოცნების“ მესვეურები, ახსოვს ე.წ. „ტალიავინის კომისიის“ დასკვნის ეს ფრაგმენტი, რომელიც დიდი ხანია კონკრეტული ფაქტებითაც ისედაც მთლიანად გაქარწყლებულია.
ცივილიზებულ სამყაროში დღეს უკვე არავის ეეჭვება, მართლაც რა „გაუგონარი დანაშაული“ (ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია /„Иванишвили… обвинил Россию в „неслыханной агрессии“/, რომელიც მას, როგორც ჩანს, არც ახსოვს – http://ru.gruzinform.ge/news/6310/teleinterviU-ivaniSvili-agentstvu-Reuters-.html) ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ, როდესაც მორიგ ჯერზე არაფრად ჩააგდო საერთაშორისო სამართალი, თავხედურად შემოიჭრა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და უხეშად დაარღვია მისი ერთიანობა. სწორედ ამას შეეწინააღმდეგა საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი, მისი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი. ანუ ქვეყნის პირველმა პირმა შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციით ეკისრება ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურსა და მთავარსარდალს.
ყოველივე ამის შემდეგ, უბრალოდ უსამართლობა და, მეტიც, მკრეხელობაა აგრესორისადმი წინააღმდეგობის გაწევა გამოაცხადო „დანაშაულებრივ“, „მოღალატეობრივ ქმედებად“ მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ მარცხი განიცადა მტრის მიერ თავსმოხვეულ უთანასწორო ომში.
გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გორის „ისტორიული სპიჩი“ არის არა მხოლოდ ქვეყნის უახლესი ისტორიის გადაწერის ყოვლად დაუსაბუთებული და სრულიად უბადრუკი მცდელობა, ის სხვა უფრო მასშტაბურ საშიშროებასაც შეიცავს. ეს არის დისკრედიტაცია დამოუკიდებლობისა და ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი გმირული ეპოპეისა, რომელშიც წარმატებებთან ერთად ქართველ ხალხს არაერთი ძალზე მტკივნეული მარცხი განუცდია. მეტიც, ეს არის ზოგადად სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ბრძოლის იდეის ფეხქვეშ გათელვა.
ცხადია, „ისტორიული სპიჩის“ ავტორს წარმოდგენაც კი არა აქვს (ამისთვის ისტორიული პროცესების გააზრების ელემენტარული უნარი მაინც უნდა გაგაჩნდეს) თავისი ამ უცნაური, უფრო ზუსტად კაპიტულანტური ლოგიკით, რამდენი ახალი „მოღალატე“ შემატა ბედკრული საქართველოს ისტორიას, მათ შორის იმ პოლიტიკური მოღვაწეების სახით, რომელთა ღვაწლი საყოველთაოდ აღიარებულია შთამომავლობის მიერ და რომელთა სახელებს წმინდად ინახავს ეროვნული მეხსიერება.
შორს რომ არ წავიდეთ, ამის მკაფიო მაგალითია ერეკლე II – „პატარა კახი“, რომელიც ხალხში თავისი პოპულარობით თვით დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფესაც კი უტოლდება. მანაც ხომ ჩაიდინა „მოღალატეობრივი ქმედება“ და „დანაშაული“, როდესაც გამოიჩინა სრული პოლიტიკური მიამიტობა, ბრმად მიენდო რუსეთს და არაფრად ჩააგდო აღა-მაჰმად-ხანის „სამშვიდობო ინიციატივები“, რამაც კრწანისის კატასტროფა გამოიწვია თავისი დამანგრეველი შედეგებით. განა ვინმეს შეიძლება ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ 1801 წლის კრახი – ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი – სწორედ კრწანისიდან იღებს სათავეს.
ნურც ნოე ჟორდანიასა და მის „ფაშისტურ რეჟიმს“ დავივიწყებთ. სად იყო სააკაშვილი მაშინ, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი „ოს და-ძმებს“ „გენოციდს“ უწყობდა. განა აქედან არ იღებს სათავეს „თავისუფლების მოყვარე“ „ოსი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა“ ქართველი „დამპყრობლების“ წინააღმდეგ, რომელსაც ასე გულდათუთქული თანაუგრძნობდა მოსკოვიდან ქართველი ხალხის „საამაყო შვილი“ იოსებ ჯუღაშვილი.
დღეს უკვე ცხადზე უცხადესია საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, ჯარმა, მთლიანად ერთ მუშტად შეკრულმა ქართულმა საზოგადოებამ, თავისი მედგარი წინააღმდეგობით და მოკავშირეების დიპლომატიური მხარდაჭერის წყალობით, ჩაფუშა რუსეთის მთავარი სტრატეგიული ამოცანა – ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა, მისი ევროა-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ სწრაფისათვის წერტილის დასმა და საქართველოს კვლავ რუსული პოლიტიკის ფარვატერში მოქცევა. მეტიც, 2008 წლის 16 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი საერთოდ იძულებული გახდა ოფიციალურად ხელი მოეწერა ნიკოლა სარკოზის ინიციატივით გაფორმებულ ე.წ. „სარკოზი–სააკაშვილი–მედვედევის“ 6-პუნქტიან გეგმაზე, რომლის ერთ-ერთი (მე-5) პუნქტი ითვალისწინებდა: რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გაყვანას საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე („Вооружённые силы РФ выводятся на линию, предшествующую началу боевых действий“).
სხვა საკითხია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, როგორც ეს ისტორიულად სჩვევია, იმთავითვე დავიწყებას მისცა აღნიშნული შეთანხმებაც და არათუ არ შეასრულა ეს ვალდებულება, არამედ სულ რაღაც 10 დღეში – 2008 წლის 26 აგვისტოს – ოფიციალურად აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. და თქვენ კი, იმის ნაცვლად ამ ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ გაილაშქროთ, საკუთარ ქვეყანას აგრესორისა და დამპყრობლის წინაშე დამნაშავედ აცხადებთ!!!. ამაზე დიდი ღალატი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.
ასე რომ, სანამ დროა, გონს მოეგეთ! შეეშვით ისტორიული ჭეშმარიტების რევიზიას და ქართული საზოგადოებისათვის კრემლის მთავარი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მავნებლური გზავნილის თავს მოხვევას, მით უფრო, რომ ამ მავნებლურ, მოღალატურ რიტორიკას კარგა ხანია ყავლი გაუვიდა.
რუსული დაკვეთებით ისტორიას ვერ გადაწერთ, შთამომავლობა ამას არ გაპატიებთ…
ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივი პროფესორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,აფხაზეთის ომის ვეტერანი, მე-2 საარმიო კორპუსის უფროსი ოფიცერი, თადარიგის კაპიტანი
“თაიმერი”/www.timer.ge