ზურაბ ნოღაიდელი : ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არასდროს შევხვედრივარ

აქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ კარტოგრაფებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს და სავარაუდოდ არც არასდროს შეხვედრია მათ.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის დადგენის საკითხში მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომების ფარგლებში იყო ჩართული.

„უნდა ითქვას, რომ ჩემი გამოკითხვა, მგონი, არ ეხებოდა ექსპერტების დაკავებას, რადგან მე იმ ხალხს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და არც მათი საქმიანობის დეტალებს არ ვიცნობ. ჩემი გამოკითხვა ამ ჩემი წერილის ირგვლივ იყო.

ჩემი სურვილია, რომ ჩემდა უნებურად არ გავხდე დღევანდელი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის მონაწილე და მაქსიმალურად ავარიდებ თავს პარტიულ თუ პოლიტიკურ კომენტარებს.

მე პირადად, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს განვიხილავდი მხოლოდ, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. მართალი რომ გითხრათ, ვინ იყო მომხსენებელი არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ.

არ მახსოვს, იყვნენ თუ არა ოდესმე იმ უშიშროების სხდომაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ცნობისთვის, 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაანდრიუს კუბილიუსი : სასაცილოა, ოცნება ოპონენტებს ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს