დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.
2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.
როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.
„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა საკითხი ჩემი თანდასწრებით განხილული, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი… უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა”, – განაცხადა ნოღაიდელმა.
კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა“.
„ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია”,- განაცხადა ნოღაიდელმა.
ადვოკატის კითხვაზე, საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, თუ დაინტერესებულა, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ – არა.
„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო”,- განაცხადა ნოღაიდელმა.
მას პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მიერ დასმული არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია.