ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლე სასამართლო პროცესს სინამდვილეში არ ხსნის იმ მიზეზით, რომ „არ უნდათ საზოგადოებამ მოისმინოს ის „საგიჟეთი”, რაც შიგნით ხდება.
„თუნდაც დღეს,რაც იყო პროკურორების სიტყვა, არ ვიცი, ამას იურიდიული განათლება არ სჭირდება, ნებისმიერი ოდნავ აზროვნების მქონე ადამიანმა რომ მოისმინოს, მიხვდება, რა სრული საგიჟეთია. ხომ მოგისმენიათ ღადაობა, რაღაცას დაგაბრალებენ, რაღაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას, სისულელეებს, აი, მართლა ეს მოყვა დღეს პროკურორმა, ზუსტად ეს მოყვა, რაზეც ხალხი ღადაობს ხოლმე, რომ ვითომ სასაცილო ამბავია, მაგრამ ეს იყო. სხდომა იმიტომ, დახურეს, რომ ეს არ მოისმინოს ხალხმა, რა სიგიჟეზეა ლაპარაკი.
უკვე მესამე სხდომაა პროკურატურისგან ვითხოვთ, კონკრეტულად გვითხრან, ამ 45 ტომიდან, მასალის რომელი გვერდი მეხება მე, ზურა-გირჩი ჯაფარიძეს. რომ ვიცოდე – 45-ე, 87-ე, 330-ე, სიტყვაზე, ამ ტომების ეს გვერდები არის ჩემი ამბავი და უნდა მივხვდე, აქ რაც წერია, ამას მედავებიან. არ აკეთებენ ამას და გვეუბნებიან, რომ არა, ამის გაკეთება არ შეიძლება. არანაირი მტკიცებულება არ არის, 80% შიგნით რაც არის, არის რაღაც მასალები, სხვა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პირების დაკითხვის, ჩხრეკის ოქმები, მათი პირადი ანგარიშები. სატელეფონო რაღაც ამონაწერები, საერთოდ, რა შუაშია ვერ გაიგებ. დანარჩენი 20% არის ჩვენი რაღაც სატელევიზიო გამოსვლები,დედაენის ბაღში ჩემი გამოსვლები,რომელიც ჩუმად აქვთ გადაღებული და ფარულ ჩანაწერებად გაკეთებული, რომელიც არის 2021-2022 წლების და ვაპროტესტებ 2020 წელს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ არაფერ შუაშია 2024 წლის მოვლენებთან“,- განაცხადა ზურა-გირჩი ჯაფარიძემ.
თუ რა მოლოდინი აქვს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ჯაფარიძის განმარტებით, ამაზე არაფერი იცის, შეუძლია მხოლოდ იმის თქმა,რომ „აპირებენ გააგრძელონ ეს ცირკი“.
„ახლა გავარკვიე, რომ თვითონ პროკურორი [ანი] ხუბეჯაშვილი თვითონ ყოფილა დასანქცირებული. ანუ მე, გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას გვედავება, რომ ჩვენ ვმუშაობდით დასავლეთის ქვეყნებთან, რომ დაგვესანქცირებინა ვიღაცები და ამით დაგვესუსტებინა ქართული სახელმწიფო. თვითონ არის დასანქცირებული და თვითონ გვედავება, რომ მე, რა “პონტში” დამასანქცირეთო. პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მე მეუბნება, რომ რა “პონტში” დამასანქცირე, უნდა ჩაგვსვა ციხეშიო“- განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ორი მიზანი აქვს, ერთი ის, რომ დასავლეთს გაუგზავნონ სიგნალი, რომ საქართველოში დემოკრატიის არანაირი ნიშან-წყალი არ არის. ზურა ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა ვერანაირ ევროინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდება, სანამ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, ხოლო ვინც გარეთ იმყოფება, ყველა დადის სასამართლო პროცესზე, რომელთაგან ზოგი ელოდება 3 წელს, ზოგი 4 წელს და ზოგი 15 წელს.
„მეორე მიზანი არის ის,რომ დროში გაწელავენ [ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვას] და როდესაც ივანიშვილი და რუსები გადაწყვეტენ, მერე მიიღებენ[ გადაწყვეტილებას.]. ჩემია აზრით, ახლა არ აქვთ გადაწყვეტილი, ჩაგვსვამენ, თუ არ ჩაგვსვამენ“- განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.


















