„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და თავისუფლების მოპოვებას ამ გზით ცდილობდა.
ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სწორი სტრატეგია იქნება, აქცენტი სააკაშვილზე გააკეთონ.
„ჩემი პოზიცია სააკაშვილის პატიმრობასთან არის იგივე, რაც იყო მისი დაპატიმრების შემდეგ. ჩემი აზრით, ის არის პოლიტიკური მოტივებით დაკავებული. ციხეში არ ზის იმის გამო, რომ რაღაც დანაშაულები ჩაიდინა. მჯერა, შეიძლება, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, ოღონდ მომავლის სასამართლოს წინაშე და კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგის გამო არ ზის ციხეში. ის ზის იმის გამო, რომ ივანიშვილმა მოიშორა, როგორც პოლიტიკური ოპონენტი. ამაში დარწმუნებული ვარ. მოტივი, რატომ უნდა იყოს გათავისუფლებული, ყოველთვის იყო ეს.
ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები გადაიტანა ჯანმრთელობის პრობლემებზე და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას. მგონია, რომ ამის შედეგებს ახლა იმკის სააკაშვილიც და „ნაციონალური მოძრაობაც“. მგონია, უფრო სწორი იქნებოდა აქცენტი თავიდანვე ყოფილიყო და ბოლომდე დარჩენილიყო, რომ ის არის პოლიტიკური მოტივებით დაკავებული და არაფერი სხვა. შეიძლება, სხვა ფაქტორებიც ყოფილიყო, მაგრამ მთავარი ამბავი არის ეს. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის შეუცვლელია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამდენი წლის განმავლობაში მასთან მიახლოებულიც კი ვერავინ გამოკვეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ სწორი სტრატეგია იქნება ის, რომ აქცენტი სააკაშვილზე გააკეთონ. ხმების უდიდესი უმრავლესობა, რასაც პარტია იღებს, არის სააკაშვილის ხმები და „ნაცმოძრაობას“ თუ რამე სჭირდება, ამ ხმების კონსოლიდაციაა“, – განაცხადა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.